16 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
თავს იკლავდნენ, რომ გამჭვირვალობის კანონი ვერ მიეღო ჩვენს ქვეყანას - დიდი ოდენობით შავი ფული უნდა დაიმალოს - მამუკა მდინარაძე

ოპოზიციური პარტიების უცხოეთიდან სავარაუდო დაფინანსების სქემასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფინანსების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, თუმცა, ოპოზიცია და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსების გამჭვირვალობაზე უარს აცხადებენ, ვინაიდან მათ "შავი ფულის" დამალვა სურთ.

"იმას ემსახურება ასეთი გეგმები, რომ დაფინანსდეს რეალურად პარტიული აქტივობები და ამიტომ უნდოდათ გარუსულება გამჭვირვალობის კანონის, რომ ეს სქემები არ გაშიფრულიყო. ანუ მათ უნდათ, რომ აფინანსონ სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, ეს პროექტები ემსახურებოდეს პარტიულ აქტივობებს და არ გაიშიფროს. ამიტომ "იკლავდნენ თავს" იმისთვის, რომ გამჭვირვალობის კანონი ვერ მიეღო ჩვენს ქვეყანას. ამიტომ არის, რომ დღეს კანადა, საფრანგეთი იღებს ამ კანონებს, მაგრამ საქართველოში ის ხდება რუსული, მათი გადმოსახედიდან, იმიტომ, რომ უნდა დაიმალოს დიდი ოდენობით "შავი ფული" და ამით უნდა მოხდეს დაფინანსება," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

აქვს თუ არა ფინეთის საელჩოს ინფორმაცია მათ მიერ "ტაბულასთვის" გამოყოფილი გრანტით "ევროპული საქართველოს" შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით - "კურიერი" აღნიშნული საკითხის გარკვევას მთელი დღის განმავლობაში ცდილობს დიპლომატიურ უწყებასთან, თუმცა, ფინეთის საელჩო შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.

დიპლომატიურმა უწყებამ მანამდე სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საუბარი, თითქოს ფინეთი აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მათი თქმით, პროექტი ემსახურება დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

"ტაბულას" პროექტი "დასავლეთი - მეგობარი თუ მტერი" ემსახურება ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიების გამოაშკარავებას. პროექტი იმ მრავლისმომცველი ფინური მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას დემოკრატიულ პროცესებში და მედიაწიგნიერებას. პროექტი დაიწყო 2023 წლის მაისში და მის ფარგლებში დაგეგმილია 12 ვიდეოს მომზადება, რომლებიც ეფუძნება მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიებსა და ფართო სამოქალაქო ჩართულობას. ვიდეოები განთავსდება "ფეისბუკის" გვერდზე.

რაც შეეხება ფინეთის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ემსახურება დეზინფორმაციასთან ბრძოლას და ნებისმიერი მინიშნება, რომ ფინეთი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, არის შეცდომაში შეყვანა. პროექტის ფარგლებში მომზადებულ მასალაში გამოთქმული მოსაზრებები, მხოლოდ მათი ავტორების პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს დამფინანსებლის შეხედულებებს," - წერია ინფორმაციაში, რომელიც საელჩომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

დღის ამბები