სალომე ზურაბიშვილის ქარტიის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ხელმოწერა კიდევ ერთ დოკუმენტზე გაჩნდა - ამჯერად "ერთიანობის დეკლარაცია", მაგრამ ისევ ერთიანი სიის გარეშე.
ოპოზიციის ნაწილი, ძირითადად "ნაციონალები" და ყოფილი "ნაციონალები", ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამისთვის მათ ჯერ არჩევნები აქვთ მოსაგები. 6 პარტიის დოკუმენტს ხელს არ აწერს "გახარია", "გირჩი" და "ევროპული საქართველო". სამივესთვის მთავარი პრობლემა "ნაციონალური მოძრაობაა".
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთიანობის დეკლარაციის ვალდებულებები ვრცელია. მათ შორის: არავინ ხმა არ უნდა მისცეს ისეთი მთავრობის ფორმირებას, სადაც "ქართული ოცნება" იქნება და ხმა უნდა მისცეს ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს. "გირჩი- მეტი თავისუფლება"; პარტია "ახალი"; "ლელო"; "დროა"; "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" - დოკუმენტი მათ ბრიუსელში გააფორმეს. თბილისიდან კი უკვე მიიღეს კრიტიკა. დეკლარაციაზე ხელმომწერები ერთიანობის კონფიგურაციაზე 8 ივლისამდე უნდა შეთანხმდნენ.
ერთიანობა დეკლარაციაზე 6 პარტიის ხელმოწერით გამოიხატა. "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი – მეტი თავისუფლება", "დროა", "ახალი", და "ლელო" - სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე ხელმომწერების არასრულმა შემადგენლობამ მორიგი დოკუმენტი, თბილისის შემდეგ, ამჯერად ბრიუსელში გააფორმა, პარტნიორების ჩართულობით. პირველი განცხადებებიც სწორედ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან გააკეთეს. თანამშრომლობა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ - პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან საარჩევნოდ გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავენ, ერთიანობის კონფიგურაციას მაინც ეძებენ.
პარტიების ნაწილის მორიგი შეთანხმება მორიგი უშინაარსო დოკუმენტია საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომელიც ე.წ. ერთიანობის დეკლარაციას გარე დაკვეთას უწოდებს. ამბობენ, რომ გაუგებარია, როგორ უნდა შექმნას კოალიცია ოპოზიციამ, რომელიც ერთიანობას ვერც საკუთარი პარტიის შიგნით ახერხებს და ვერც საერთო სიაზე თანხმდება.
ბრიუსელში ხელმოწერილ დოკუმენტს თბილისში დარჩენილი ოპოზიცია გაემიჯნა. ასეთია "გახარიას" გუნდი და "გირჩი", რომლებმაც მხარი არც ზურაბიშვილის ქარტიას დაუჭირეს. ერთიანობის დეკლარაციას ხელი არ მოაწერა არც "ევროპულმა საქართველომ", რომლებმაც მიზეზად "ნაციონალური მოძრაობასთან" ერთობა დაასახელა, თუმცა, იმავე პარტიასთან ერთად, ცოტა ხნის წინ ზურაბიშვილის დოკუმენტს შეუერთდა.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას წითელ ხაზს უწოდებს "ლელოც" და გვარამია-მელიას პარტიაც, თუმცა სააკაშვილის გუნდთან თანამშრომლობა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს არც პრეზიდენტის ქარტიისა და არც ერთიანობის დეკლარაციის გარშემო. ამბობენ, რომ, ახალი პოლიტიკური ხელშეკრულებით, მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" რამდენიმე მიზანი აერთიანებთ. ესენია - თავის შეკავება ერთმანეთზე თავდასხმებისგან, არჩევნების შემდეგ კოალიციის ჩამოყალიბება და პარლამენტში წინააღმდეგობის გაწევა ისეთი მთავრობის ფორმირებაზე, რომლის ნაწილიც "ქართული ოცნება" იქნება. ამ საკითხებზე 6 პარტიას, ამ ეტაპზე, მხოლოდ თაკო ჩარკვიანი უერთდება, რომელმაც განსხვავებას პრეზიდენტის ქარტიასა და ახალ დოკუმენტს შორის ვერ ხედავს.
ე.წ. ერთიანობის დეკლარაციით პარტიები საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზეც უნდა შეთანხმდნენ. იქნება თუ არა ის სალომე ზურაბიშვილი? - ამას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა მხარდაჭერას უცხადებენ. მმართველი გუნდის შეფასებით, განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისი, წლების შემდეგ, ორბელიანების სასახლემ ჩაანაცვლა.
რა კონფიგურაციით გავა არჩევნებზე ოპოზიცია, რომელიც, ერთი მხრივ, თანამშრომლობს, თუმცა, მეორე მხრივ, ერთმანეთს ემიჯნება - ეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება. ახალი შეთანხმებით, 6-მა პარტიამ ვადა 8 ივლისამდე დათქვა.