ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს ურჩევს, არ გააგრძელოს მუშაობა კანონპროექტზე, რომელსაც დღეს პირველი მოსმენით სესიაზე განიხილავენ. საუბარია კანონზე "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ". "ამ წინადადების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მტრული და მასტიგმატიზებელი გარემოს გამწვავების ხიფათს აჩენს" - ვკითხულობთ დასკვნაში.
ვენეციის კომისიის მოსაზრებას შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ბავშვებისკენ მიმართული ნებისმიერი პროპაგანდა მიუღებელია.
"ბავშვებისკენ მიმართული ნებისმიერი პროპაგანდა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. საკითხავი არის ის, არის თუ არა "ოცნება" გულწრფელი, როდესაც გვეუბნება, რომ ბავშვებს იცავს", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია და ეს საკითხი აქამდე კითხვის ნიშნით ქვეშ არავის დაუყენებია.
"ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი, დიდი ხანია, ამ კონსტიტუციით გარკვეულია და ეს აქამდე კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, პატივს ვცემ კონსტიტუციას მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსტიტუციაში არსებობს გარკვეული საკითხები, რომელზეც ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, შევცვლიდი. როდესაც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია და ქალის და კაცის ქორწინებაზეა საუბარი, როგორც ოჯახზე, კონსტიტუციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები არ უნდა დაარღვიოს არც კანონმა და არც მოქალაქემ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.