მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მორიგ ბრალდებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კიდევ ერთი მომჩივანი ბიზნესმენი გამოუჩნდათ, რომელიც ეროვნულ ბანკს მიმართავს. ეროვნული ბანკი კი ადასტურებს, რომ მოკვლევა დაწყებულია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სავარაუდო ფინანსურ თაღლითობაში შესაძლოა იყვნენ გარეული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
"თაღლითობის კიდევ ერთი მტკიცებულება. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იხსნეს თავი პასუხისმგებლობისგან, რომ მათი ჩადენილი თაღლითობა იყო ხანდაზმული. ამიტომ უწოდებენ მათ ხანდაზმულ თაღლითებს. ისინი არიან თაღლითები, უბრალოდ, სანქცია არ დაეკისრათ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დანაშაულის დამტკიცების პარალელურად, ერთხელ უკვე, მათი დასანქცირება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ეს დანაშაული იყო ხანდაზმული. ახალი დანაშაული თუ დაუმტკიცდებათ, ჩვენ არ დავარღვიოთ პრეზუმფცია, შეიძლება ანალოგიურ ამბავთან გვქონდეს საქმე. თუმცა, მათი თაღლითობის შესახებ არავის უკვირს და ეს ადამიანები ახლა პოლიტიკას აფარებენ თავს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, ბიზნესმენი, რომლის ვინაობასაც მისი ინტერესების დამცველი ამ ეტაპზე არ ასახელებს, დავობს 1 400 000 დოლარის ზარალზე.
ბიზნესმენის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, TBC კაპიტალის მხრიდან შეცდომაში იყო შეყვანილი, რომელმაც 1 400 000 დოლარის ობლიგაციები შეიძინა კომპანია "იმერეთი გრინერიში". აღნიშნული კომპანია წარმოადგენდა Georgian Fresh Holding-ის მფლობელობაში მყოფ კომპანიას. სწორედ ამ კომპანიაში ჰქონდათ წილები მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.