უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების საკანონმდებლო რეგულირება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, თანამედროვე დასავლური სამყაროსთვის ნორმა და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კანადა, ამერიკასთან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, ის ქვეყანაა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ" კანონი რამდენიმე დღის წინ დაამტკიცეს.
უცხოური ძალების ინტერესები, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას, დემოკრატიასა და სუვერენიტეტს ემუქრება - კანადაში შეთანხმდნენ, რომ უცხოური გავლენის რეესტრი, სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში უცხოური ჩარევის შესამცირებლად, აუცილებელი ინსტრუმენტია. იმ შემთხვევაში, თუ პირი ან ორგანიზაცია რეგულაციების აღსრულებაზე უარს იტყვის, ქართული კანონისგან განსხვავებით, სასჯელი მსუბუქი არ არის - დამრღვევს მაქსიმუმ 5 მილიონი კანადური დოლარის გადახდა ან 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, სასჯელის ზომად ორივე ნორმა იყოს გამოყენებული. საპარლამენტო ოპოზიციისთვის, კანადაში მოქმედი კანონმდებლობის ქართულთან შედარება არარელევანტურია.
ის, რაც დასაშვებია მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის, რატომ არის მიუღებელი საქართველოში? - ამ კითხვას მმართველი გუნდის წევრები სვამენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გამჭვირვალობა, დემოკრატიის გაძლიერებისთვის, მნიშვნელოვანი კომპონენტია და, იქვე, ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ საქართველოში მიღებული კანონის რეგულაციები, კანადურ, ფრანგულ, თუ ამერიკულ ანალოგთან შედარებით, საკმაოდ ლიბერალურია.
კანადის სენატმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ" კანონი დაჩქარებული წესით, 20 ივნისს მიიღო.