16 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი კობახიძეს მისალოცი წერილები გაუგზავნეს

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას აღუთქვამს.

"სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ურთიერთობები ინტენსიური გახდა, მაღალი დონის ვიზიტების რაოდენობაც გაიზარდა, საქართველოს საელჩო გაიხსნა ზაგრებში, საკონსულო კი - პულაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, განსაკუთრებით ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გიდასტურებთ ხორვატიის რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. გქონდეთ ამ პროცესში ჩვენი დახმარების იმედი. ბოლო პერიოდში, საქართველომ წინსვლას მიაღწია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და იმედი მაქვს, ეს ტრაექტორია მომავალშიც გაგრძელდება", - წერია მისალოც წერილში.

მისალოცი წერილი ირაკლი კობახიძეს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაუგზავნა.

"ბულგარეთის რესპუბლიკა დიდად აფასებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს, რაც ტრადიციულად, მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება. მჯერა, საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობები, რაც ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეები იზიარებენ, კვლავაც ძლიერი მუხტის მატარებელი იქნება საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული კონტაქტები და ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში, ისევე როგორც ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში“, - აღნიშნულია დიმიტარ გლავ-ჩევის წერილში.

დღის ამბები