"ამ კანონით და იმ ქმედებებით, რომელსაც "ოცნება" ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას" - ეს კითხვა, რომელმაც სხდომაზე ხმაური გამოიწვია, მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დაუსვა, თუმცა, ადრესატის ნაცვლად, პასუხი მან უმრავლესობისგან მიიღო - მწვავე კრიტიკით. კომიტეტის თავმჯდომარემ გახარიას პარტიის დეპუტატს ჯერ ნათქვამის დაზუსტება მოსთხოვა, შემდეგ კი ბოდიშის მოხდისკენ მიუთითა.
ოხანაშვილთან კამათის პარალელურად, მიხეილ დაუშვილის მისამართით რეპლიკები ისმოდა უმრავლესობის წევრებისგანაც. გიორგი გახარიას თანაგუნდელს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებში ადანაშაულებდნენ. ამბობდნენ, რომ, კანონთან მიმართებაში, ოკუპაციის საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიზანმიმართულად წამოჭრა.
მიხეილ დაუშვილმა დარბაზი ისე დატოვა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან პასუხი არ მიუღია, თუმცა, არაღიარების პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის პოზიციის მოსმენა სხდომის თავმჯდომარემ სცადა. შეკითხვა არაერთხელ დაუსვა, გიორგი მსხილაძემ კი პასუხზე უარი განაცხადა.
დაუშვილის ნათქვამის არასწორად ინტერპრეტაციაზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილიც, ნაწილი კი მის განცხადებას ემიჯნება და ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორები მიდგომას არცერთ მოცემულობაში არ შეიცვლიან. თუმცა ასე არ ფიქრობს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც გახარიას თანაგუნდელის მხრიდან დასმულ საკითხს ეთანხმება.
საერთაშორისო იზოლაციის რისკებზე აკეთებს აქცენტს გახარიას პოლიტიკური ძალაც, რომელმაც, მიხეილ დაუშვილის ხმაურიან შეკითხვასთან დაკავშირებით, მოგვიანებით განცხადება გაავრცელა. პარტია "საქართველოსთვის" წერს, რომ ხელისუფლება, კანონის მიღებით, არაღიარების პოლიტიკას უქმნის საფრთხეს და მათი წევრის ნათქვამიც სწორედ ამ საკითხიდან გამომდინარეობდა, თუმცა მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ გახარიას თანაგუნდელს ამ თემის აქტუალიზაციის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.
მიხეილ დაუშვილს კომიტეტის სხდომის მიღმა ამ საკითხზე აღარ უსაუბრია და მედიასთან დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია.