16 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
კრიტიკა დასავლეთიდან - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია, ამჯერად, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა

ოფიციალური ვაშინგტონიდან, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კვლავ კრიტიკა ისმის. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, უარყოფითი პოზიცია, ამჯერად, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა. კამალა ჰარისმა სალომე ზურაბიშვილს წერილი მიწერა და უთხრა, რომ ის მიესალმება პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი წერილში ამბობს, რომ, ჯო ბაიდენთან ერთად, დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

სტრატეგიული პარტნიორის კრიტიკას უკვე უპასუხეს თბილისში. მმართველ გუნდში დასავლელი პარტნიორების იმ რეკომენდაციებს იხსენებენ, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, მათივე შეფასებით, ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა.

ვაშინგტონის მსგავსად კრიტიკული გზავნილები მიიღო თბილისმა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდანაც. ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპული გზიდან გადაუხვია, მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ კი კვლავ განმარტა, რომ გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ იზიარებს.

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების პოზიციების გაზიარებას ურჩევენ მმართველ გუნდს ოპონენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციაში ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს ხედავენ.

კანონის ინიციატორები გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველოში მიღებული კანონი ვერ გახდება პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მიზეზი. კანონის სტიგმატიზება, უმრავლესობის ლიდერების შეფასებით, უნდა შეწყდეს და მსჯელობა საქმიან ფორმატში გადავიდეს.

განცხადებები პარტნიორებისგან, სავარაუდოდ, მას შემდეგ კვლავ გაკეთდება, რაც მმართველი ძალა ხვალ ვეტოს დაძლევს.

 

დღის ამბები