დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ონში, ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, ფონდის განცხადება, თითქოს გადაწყვეტილება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ეფექტია, სიმულაციაა.
"საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ვითომ, გამჭვირვალობის კანონის ეფექტთან, რომ თითქოს, რაღაც პროცესები უნდა დაიძრას. ისეთი პროცესები, რომელიც შეუქცევადი, ნეგატიური შედეგის მომტანი შესაძლოა იყოს. ოპოზიციონერი ჯგუფების განწყობა და სურვილი, რომ საქართველოში იქნებ, მართლაც როგორმე გამოვიდეს და დაიძრას ნეგატიური ტენდენციები, რათა ამ ყველაფერმა უარყოფითი ასახვა პოვოს მოსახლეობის ინტერესებზე, თავისი არსით საოცრად არაკეთილსინდისიერი საქციელია," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფონდ "ფეა თრიიზ"-ის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიღებული კანონი უკვე ნეგატიურად აისახა მათ მუშაობაზე, რის გამოც ონის მერიასთან ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაჩერეს.
მმართველი პარტია ფონდის განცხადებას "ლელოს" და მისი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს.
ფონდის განცხადების საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა ონის მერიამ, რომელშიც ნათქვამია, რომ ფონდის გადაწყვეტილება სპეკულაციურია და არასწორ ინფორმაციას შეიცავს.