29 ივნისი 2024,   19:13
ვრცლად
საქართველოს ბანკისა და UNDP-ის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ გრძელდება

საქართველოს ბანკი,  გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს, რომლის ფარგლებში 28 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით 15 მეწარმე ქალი გადამზადებას გაივლის. ეს პროგრამის მერვე ნაკადია, ჯამში კი იგი 200 ქალის გადამზადებას და ფინანსურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად.  პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის იდეით შეიქმნა. შეხვედრა ოთხი დღის განმავლობაში, ინტენსიური ტრენინგების ფორმატში განხორციელდება. 

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის ინიციატივის ფარგლებში, მეწარმე ქალები ბიზნესთან დაკავშირებული თეორიული უნარების გაუმჯობესებას შეძლებენ, ასევე მიიღებენ კვალიფიციურ რეკომენდაციებს გამოცდილი მენტორებისგან და გაიფართოებენ პოტენციურ პარტნიორთა წრეს.

პროგრამის ხუთი დღე სხვადასხვა საკითხს დაეთმობა. ესენია ბიზნესის წარმოების საწყისები, გაყიდვები და ციფრული მარკეტინგი, ქალები ადამიანის უფლებები და მრავალფეროვნების საკითხები, ლიდერობა და გუნდის მართვა, ფინანსების მართვა; მარკეტინგი და კომუნიკაციები, ბიზნესის დაგეგმვა და ბიზნეს კომუნიკაცია.

„საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ამ პროცესში ქალ მეწარმეებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. მათი მონაწილეობა ეკონომიკაში ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითების გაჩენას. მათი მხარდაჭერით კი ჩვენ მორიგ ნაბიჯს ვდგამთ გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ბიზნესში თანასწორი გარემოს ჩამოსაყალიბებლად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება - „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ - გრძელდება და იგი მეწარმეთა მორიგ ნაკადს მისცემს შესაძლებლობას, გაიგოს მეტი ბიზნესის მართვის და განვითარების ეტაპებზე. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს ქალ მეწარმეებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სტრატეგიული ინვესტიციაა წარმატებული და თანასწორი მომავლის მშენებლობაში. ვამაყობთ, რომ ჩვენი ხელშეწყობის შედეგად, ნიჭიერი და მოტივირებული მეწარმე ქალები ახალ ბიზნესებს ქმნიან და საფუძველს უყრიან თანასწორ ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას“, - განაცხადა  დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეს უკვე 170 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს. ესენია: თეორიული განათლება, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა.

გაიგეთ მეტი პროგრამის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

 

(R)

დღის ამბები