პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში ირაკლი კობახიძისთვის პირველი იყო, მეათე მოწვევის პარლამენტისთვის კი - ბოლო. მოხსენება, ძირითადად, მთავრობის საქმიანობის გასულ 4 თვე ნახევარს ეხებოდა - კობახიძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს. ანგარიშის წარდგენამდე, მან საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებს უთხრა, რომ მთავრობის მთავარი მიზნები უცვლელია და ეს ორი ეროვნული ამოცანის შესრულებაა.
ისევე, როგორც სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ანგარიში მან დღესაც ეკონომიკით დაიწყო. ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს - ამბობს პრემიერი და განმარტავს, რომ ამ მიმართულებით შედეგები პოზიტიურია - ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებულს აღემატება. პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს. მიზანია, რომ 2028 წლისთვის 44 მილიარდი დოლარის ნაცვლად, ეკონომიკა 50 მილიარდ დოლარიან ნიშნულ გასცდეს. ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება უნდა იყოს, რაც ოთხწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
პრემიერი განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ამბობს, რომ მთავრობის მთავარი მიზანი სიღარიბის სრულად დაძლევაა, თუმცა მისი მაჩვენებელი ბოლო წლებში ისტორიულ ნიშნულამდე შემცირდა რაც, თავის მხრივ, დასაქმების რეკორდულ შედეგსაც უკავშირდება.
ეკონომიკის შემდგომი წინსვლა რომ გეოპოლიტიკის გათვალისწინებით პირდაპირაა დამოკიდებული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ამის განმარტებას დღეს პრემიერ-მინისტრმა მოხსენების დიდი ნაწილი დაუთმო. დაგეგმილთან ერთად, მან უკვე განხორციელებული პროექტებიც ჩამოთვალა. თქვა, რომ ბოლო 4,5 თვის განმავლობაში გაიხსნა მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთები.
მაგალითად, რიკოთზე - 36 კმ გზა, აშენდა 89 ხიდი და გაიჭრა 50 გვირაბი; აპრილში გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზა. ამავე თვეში გაიჭრა კობი-ქვეშეთის 9-კილომეტრიანი, ყველაზე გრძელი გვირაბიც, რომელიც 2 კმ-ით მეტია მანამდე ყველაზე გრძელ რიკოთის გვირაბზე. შედეგად, ყაზბეგამდე მგზავრობის მანძილი, პრაქტიკულად, განახევრდა, რასაც პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, უკვე გაჭრილია ხუთივე გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი.
ჩამონათვალშია ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზაც. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთების დასასრულებლად ისევე, როგორც ბაღდათი-აბასთუმნის გზის შემთხვევაში. დასრულებულია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული ყველა - ექვსივე გვირაბის მშენებლობა. ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის პროექტიც, რომლის სიგრძე 8 კილომეტრზე მეტია. შესრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების 95%, სარკინიგზო გადაზიდვები კი მაისიდან სატესტო რეჟიმში აღდგა.
პრემიერ-მინისტრმა საკუთარ მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო მნიშვნელობის დიდ პროექტებზეც, როგორიცაა ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. ის გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე, უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავისა და მესტიის აეროპორტებისთვის. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის აეროპორტის ახალ გენერალური გეგმის შესაქმნელად, რაც ახალი ტერმინალის მშენებლობას . სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.
კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ანაკლიის პორტია. კერძო პარტნიორის შერჩევა დასრულებულია. ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში დაიდება, რომლის მიხედვითაც, 51% წილი სახელმწიფოს დარჩება, 49% კი კონსორციუმს ექნება. მსოფლიო ბანკის წესებით ტენდერი ჩატარებულია და მალე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი 600 ათას კონტეინერს გაატარებს, რაც დაახლოებით, 7,8 მილიონ ტონა ტვირთს ნიშნავს.
ბრიტანული სტილის სტადიონის აშენებას მთავრობა უახლოეს პერიოდში გეგმავს, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და ქვეყანას საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარების საშუალებას მისცემს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობას 2028 წელს. მთავრობა ამაზე განაცხადის შეტანას უკვე აპირებს.
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობასა და საგარეო პოლიტიკას, პრემიერმა დღეს მოხსენების ცალკე ნაწილი დაუთმო. თქვა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება ისევე, როგორც ურთიერთობის განვითარება აშშ-თან. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან - ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც. ყურადღება გაამახვილა რუსეთთან კონფლიქტზე, არაღიარების პოლიტიკასა და მთავარ მიზანზე - მშვიდობიანი გზით მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია.
პრემიერ-მინისტრის ანგარიში, ბოლო მოწვევის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.