16 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ვინმეს ქართველები სულელები ხომ არ ვგონივართ, განათლებაც კარგი გვაქვს, ანალიზიც შეგვიძლია, ამიტომ არგუმენტები არის საჭირო, რომ ავხსნათ, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი - კახა კალაძე

36 ქვეყნის მოწოდებას, საქართველოს მთავრობამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი გაიწვიოს, თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, კანონის გადახედვა არ განიხილება, მათგან კი საჭიროა წარმოდგენილი იყოს არგუმენტები, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი.

"მეგობრობა გამოიხატება იმაში, რომ თუ რაიმე არასწორს ვაკეთებ, მომცე მითითება არგუმენტებით, რატომაა არასწორი ჩემი გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ როცა არანაირ ახსნა-განმარტებას მაძლევ, რატომაა აღნიშნული კანონპროექტი ცუდი, რაც გამჭვირვალობას ეხება, ეს მიუღებელია. გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს რუსული. სულელები ხომ არ ვგონივართ ქართველები ვინმეს?! განათლებაც კარგი გვაქვს, ანალიზიც შეგვიძლია, ამიტომ, არგუმენტები არის საჭირო, რომ ავხსნათ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი," - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით, მთავარია, ეს არ გასცდეს კანონის ფარგლებს.

"ქვეყანაში რუსული კანონი არ არსებობს, არ მიღებულა. რუსულ საქმეს ვინც აკეთებდა, სააკაშვილის ხელისუფლება იყო. გავიხსენოთ 2008 წელს დაკარგული ტერიტორიები. ეს იყო პირდაპირ რუსული საქმე. რაც შეეხება დემონსტრაციებს, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით, მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი კანონის ჩარჩოებს გასცდება მსგავსი ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ყოველთვის იქნება," - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მათთვის, რომელთა საქმიანობაც არ გულისხმობს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, ან ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას, დეკლარაციის შევსება პრობლემა არ უნდა იყოს.

"ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვთ, წარმოდგენილი იქნას ერთი არგუმენტი, რატომ იზღუდება მედია, არასამთავროვო ორგანიზაციები. თუ კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს გულში ჩადებული ბოროტი ზრახვები, დამალული ფინანსური მაქინაციები, რომ ქვეყანაში მოაწყო რევოლუციები, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები. თუ ამას არ იზრახავ, მაშინ რა პრობლემაა დეკლარაციის წარმოდგენა. თანამდებობის პირები ვავსებთ დეკლარაციას, სადაც მივუთითებთ ჩვენს ქონებასთან დაკავშირებით. რატომ არ შეიძლება, თქვენ, ტელევიზიებმა, ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, აჩვენოთ საიდან მიიღეთ ეს თანხები და რა პროექტებში იხარჯება. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს: იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც რევოლუციებს აფინანსებს, მოუწევს ამის გასაჯაროება და მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები