16 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
რამდენად არის მზად ქვეყანა იმისთვის, რომ არ დაუშვას რევოლუციური სცენარები - პრემიერმა გურამ მაჭარაშვილის კითხვას უპასუხა

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ირაკლი კობახიძეს ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. მაჭარაშვილი დაინტერესდა, რამდენად არის მზად სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ არ დაუშვან ქვეყანაში არეულობა.

"ამერიკის კონგრესში, კონგრესმენებმა სადაც, სამწუხაროდ, ორი ქართველი ესწრებოდა, პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოში თუ არ იქნება უკრაინიზაცია, მაშინ იქნება მაიდანი. სახალხო ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მეორე ფრონტს აქ არ გავხსნით, მაშინ ისინი მოაწყობენ აქ რევოლუციას, რომელსაც დააფინანსებენ და ამას უკვე აღარც მალავენ, საჯარო განცხადებები გვაქვს ამის.

ქართულმა საზოგადოებამ რომ გაიგოს კითხვაზე პასუხი, რომ ქართული სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან იმისათვის, რომ არ დაუშვან რევოლუციური სცენარები არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან, რომ არავის ამის მერე აღარ გაუჩნდეს სურვილი საქართველოში არეულობის,“ - მიმართა გურამ მაჭარაშვილმა ირაკლი კობახიძეს.

კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ღიად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, თუმცა, წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ წარმატებით მოახერხა შესაბამისი სცენარის თავიდან არიდება.

"ყველაზე რთული პერიოდი არის უკვე გამოვლილი, რა თქმა უნდა სირთულეები იქნება მომავალშიც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს სათანადო და წარმატებული გამოცდილება ასეთ საფრთხეებთან შეჭიდების კუთხით, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალშიც ყველა საფრთხეს ავაცილებთ ჩვენს ქვეყანას.

სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. ყველამ დაინახა განსაკუთრებით ამ 2-3 თვის განმავლობაში, რომ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემთ ვერავის ისეთი სცენარების განვითარების შესაძლებლობას, რომელმაც უკრაინა - ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მიიყვანა ასეთ მძიმე მდგომარეობამდე.

სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები, მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში იქნება ბოლომდე დაცული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები