დღევანდელი სხდომა არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რომ სადაც არ არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა", იქ არის სიმშვიდე და იქ არის მშვიდობა. ეს არის ამ ყველაფრის კარგი მაგალითი. მეორეს მხრივ, სადაც არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა", იქ არის უკულტურობა, უზრდელობა, უინტელექტობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაექცა პოლიტიკურ დისკუსიას, დებატებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
"პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი გამომსვლელებს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა დებატებში შესვლა, დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობა. არადა ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურა, სადაც საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე და რა უნდა აინტერესებდეს ოპოზიციას, თუ არა ასეთი ტიპის საკითხების განხილვაში მონაწილეობა, კითხვების დასმა. თუ მათ მხარეს არის სიმართლე, მაშინ რატომ გაურბიან ასეთი ტიპის დებატებს? საქმე იმაშია, რომ არც რესურსი აქვთ ინტელექტუალური და რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. მათ წააგეს ყველა წინა დებატები მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, მანამდეც, მაგრამ მე ხაზს ვუსვამ ამ საპარლამენტო მოწვევას.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის რიგები არის ცარიელი და ისინი კიდევ ერთხელ გაექცნენ პოლიტიკურ დისკუსიას, დებატებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ამან მეორეს მხრივ, მოგვცა პროცედურის მშვიდად ჩატარების საშუალება. დღევანდელი სხდომა არის კიდევ ერთი ილუსტრაციაა, რომ სადაც არ არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა", იქ არის სიმშვიდე და იქ არის მშვიდობა. ეს არის ამ ყველაფრის კარგი მაგალითი. მეორეს მხრივ, სადაც არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა“, იქ არის უკულტურობა, უზრდელობა, უინტელექტობა და ესეც ძალიან კარგად გაიხსენა კიდევ ერთხელ ქართულმა საზოგადოებამ. ეს ყველაფერი განაპირობებს იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნოდ," – განაცხადა პრემიერმა.