29 ივნისი 2024,   19:49
ვრცლად
ამ ტექსტში, რაზეც არის საუბარი, ეს არის ქართული ენის, ქართული გენეტიკის და ქართული სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი მთავარი მისია - ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერზე

ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერ წიგნზე, რომელიც საქართველოს დაუბრუნდება, “ღამის კურიერის“ ეთერში ვრცლად საუბრობს. ისტორიკოსი განმარტავს, თუ რა მნიშვნელობისაა უნიკალური ხელნაწერი.

“სულ რამდენიმე ბეჭედი არსებობს, როგორც ითხოვდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, რომელიც არის ქართველთა ეროვნული მისიის, ქართველთა საზეპირო, ღვთაებრივი ფუნქციის, ისტორიული მისიის დასტური და განმსაზღვრელი, ასეთებია - ღვთისმშობლის წილხვედრობა, სვეტიცხოვლის სასწაული, საუფლო კვართი და “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.“ წარმოიდგინეთ, რომ ეს ნაწარმოები, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს წინასწარმეტყველებასაც, ქართველთა ათასწლოვანი და უკვდავი მისიის განმსაზღვრელი ტექსტიც არის, საქართველოში არასოდეს არ ინახებოდა.

ეს არ იყო ცალკე ხელნაწერი, ეს არ იყო უბრალოდ ქართველთა საკუთრებაში არსებული ხელნაწერი, ეს იყო მსოფლიო საქრისტიანოს ერთ-ერთი უძველესი სახარების კრებულში განთავსებული ხელნაწერი. სწორედ უძველეს არამეულზე, ქრისტეს დროინდელ არამეულზე შესრულებულ სახარების ტექსტზე იყო განთავსებული და წარწერილი ეს წმინდა წერილი, რასაც “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ ჰქვია. ეს არ ხდებოდა ისე, რომ ვიღაცამ თავისით აკინძა. მე-5-მე-7 საუკუნის პერგამენტებზეა, სავარაუდოდ, მე-10 საუკუნეში... თვითონ ტექსტობრივად უფრო ძველია, ვიდრე მე-10 საუკუნის. ამ სახარებაზე, ამ ტექსტზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ახლა საქართველოს შეუძინა, იქ განთავსება და ყოფნა ნიშნავდა რას, რომ მის სიწმინდეს აღიარებდა მე-10 საუკუნეში მინიმუმ იერუსალიმის საპატრიარქოც, ალექსანდრიის საპატრიარქოც, ანტიოქიაც, ანუ მთელი საქრისტიანო. სხვაგვარად იმ დროინდელი საეკლესიო კანონებით, მორალით შეუძლებელი იყო ეს ტექსტი, რომელიც არის ჩვენი ერის სინდისი, რაობის და მეობის მთავარი განმსაზღვრელი ტექსტი, შეუძლებელია ყოფილიყო განთავსებული ამ სახარების გვერდით, რომ არ ჰქონოდა მსოფლიო აღიარება.

ამ ტექსტში, რაზეც არის საუბარი, ეს არის ქართული ენის, ქართული გენეტიკის და ქართული სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი მთავარი მისია.
ყველაზე წმინდა და ყველაზე უძველესი ხელნაწერი საქართველოს საკუთრება გახდა. ეს იცით, როგორი ისტორიული მისიაა, ვინც ეს განახორციელა, საუკუნოდ დარჩება ჩვენს ისტორიაში,“ - განაცხადა ისტორიკოსმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა “კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. აუქციონზე ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე იყო წარმოდგენილი. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი და მისი ფასი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.

დღის ამბები