05 ივლისი 2024,   16:41
ვრცლად
დამატებითი მოტივაცია ყოველთვის კარგია - ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური ნაბიჯი იმ ბევრ ნაბიჯს შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გადაუდგამს - მამუკა მდინარაძე

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ფეხბურთელების დახვედრის ღონისძიების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ეროვნული ნაკრების" დაჯილდოება ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმულია. მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური ნაბიჯები იმ ნაბიჯებიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ "ქართუს" გადაუდგამს.

"მათი გამარჯვებები, მათი წარმატება, ამ ქვეყანას ეკუთვნის. დიდი ეპოქა შეიქმნა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეპოქა შედგა, რადგან ამ ბიჭებმა ქართული ხასიათი აჩვენეს. მარტო ის კი არა, რომ წარმატებას მივაღწიეთ - მთელს მსოფლიოს გააცნეს ქართული ხასიათი ამ რაკურსით.

დამატებითი მოტივაცია ამ ბიჭებს არ სჭირდებათ, მათი მთავარი მოტივაცია არის ბრძოლის ჟინი, თავისი ქვეყნისა და საქმის სიყვარული. თუმცა, დამატებითი მოტივაცია ყოველთვის კარგია, ისინი ამას აფასებენ, ვიცით, გვილაპარაკია ამასთან დაკავშირებით და ეს არის დამატებითი სტიმული. ეს დამატებითი სტიმული, რომელიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში და უპოზიტიურესად მიიჩნევა ყველგან, ჩვენც ასე უნდა მივიღოთ. ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური ნაბიჯი იმ ბევრ ნაბიჯს შორის, რაც იმ კაცს გაუკეთებია, ვინც ეს შეძლო და ეს დამატებითი სტიმული მისცა მათ - ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში გუშინ დაბრუნდნენ. მათ პატივსაცემად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა გაიმართა, რომელიც საზეიმო ღონისძიებით დაგვირგვინდა.

იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხება, ჯგუფიდან გასვლა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ასპარეზობა მოახერხა.

დღის ამბები