ფეხბურთელების ბულინგის მცდელობა სოციალურ ქსელში. ნაკრების წევრებს, რომლებმაც ჯილდოს მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" მადლობა გადაუხადეს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასამთავრობოები და მათი მხარდამჭერები მწვავედ აკრიტიკებენ.
"ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, გურამ კაშიას ლგბტ თემის მხარდაჭერასაც კი ახსენებს.
აქტივისტი ანა სუბელიანი კი ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობის შემდეგ ამბობს, რომ ეს თანხა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია.
ეროვნული ნაკრების ბულინგის მცდელობა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის.
"ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს "მოღალატეებად" იქცნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაცების" სულისკვეთება არ გაიზიარეს", - ასეთია უმრავლესობის წევრების შეფასება.
მათივე თქმით, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, თავად ვერ გაბედეს, თუმცა საკუთარ აქტივისტებს ფეხბურთელებზე თავდასხმის დავალება მისცეს.
"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ადამიანების განსხვავებული, კრიტიკული შეხედულებები, პოლიტიკური დისკუსიის და დებატის საგანი არ არის.
"ადამიანებს ზოგ შემთხვევაში, საკუთარი განსხვავებული, კრიტიკული შეხედულებები აქვთ და ეს არ მგონია პოლიტიკური დისკუსიის და დებატის საგანი იყოს. ჩემთვის საჩუქრისთვის მადლობის თქმა არ არის პრობლემა. მე არ ვარ არც სოციოლოგი, არც ფსიქოლოგი, რომ ბულინგები ვაფასო და ადამიანების პოსტები ვაფასო", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ნებისმიერი სახის კრიტიკა, მისაღებია თუ მიუღებელი, ამის ბულინგად შერაცხვა არათანმიმდევრული და არაადეკვატურია".
"მე მაქვს ჩემი შეფასება, ნებისმიერი სახის კრიტიკა მისაღებია თუ მიუღებელი, ამის ბულინგად შერაცხვა არათანმიმდევრულია და არაადეკვატურია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.