25 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით ხოლმე ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას - მეუფე შიო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს 12 მოციქულის ხსენების დღეს - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.

დილიდან ხალხმრავლობა იყო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც წირვა პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა, წირვის დასრულების შემდეგ კი, მეუფე შიომ მრევლს, ქადაგებით მიმართა:

"სულიწმიდის გარდამოსვლამდე მოციქულები ზოგჯერ ავლენენ სისუსტეს, ავლენენ მერყეობას რწმენასა და სულიერ ცხოვრებაში, ანუ ყველაფერ იმას, რაც ჩვენც გვახასიათებს, მაგრამ მათგან განსხვავებით ამ მერყეობისა და სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით ხოლმე ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას.

მოციქულები კი, მიუხედავად მათ მიერ ზოგჯერ გამოვლენილი ამ უძლურებისა, არ ტოვებდნენ მაცხოვარს.

ამიტომ, დღეს ჩვენ გვმართებს ვთხოვოთ წმინდა მოციქულებს, ილოცონ ჩვენთვის, რათა უფალმა მოგვცეს ეს სიმტკიცე და გამბედაობა, რომ ყოველთვის გვესმოდეს ხმა ქრისტესი, რომელიც მოგვიწოდებს და პასუხს ვცემდეთ ამ მოწოდებას მოციქულების მსგავსი ერთგულებით.

გილოცავთ მოციქულთა დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას. უფალმა მოციქულთა ლოცვით, სვეტიცხოვლისა და საუფლო კვართის მადლით, რომელიც ამ წმინდა ტაძარში არის დავანებული, დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფალმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!" - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირმა.

დღის ამბები