25 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ტრამპის მკვლელობის მცდელობა, რომელმაც შესაძლოა ამერიკის არჩევნების ბედი გადაწყვიტოს - FBI-ის დასკვნის მიხედვით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა

Fამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტზე თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ ვიდეო მასალაში, კარგად ჩანს თუ როგორ აცოცდა შეიარაღებული ადამიანი ერთ-ერთ სახურავზე. თვითმხილველებმა ის შენიშნეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში პოლიციელებს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ფაქტზე სამართალდამცველებს არანაირი ქმედება ადგილზე არ განუხორციელებიათ. მალევე გაისმა გასროლის ხმა, რასაც ადგილზე პანიკა მოყვა.

თავდამსხმელის ტყვიამ ექსპრეზიდენტი დაჭრა. ტრამპმა დაზიანება მარჯვენა ყურის არეში მიიღო. თავდასხმიდან 24 საათში, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში დაწერა: "მკვდარი უნდა ვიყო, მაგრამ იღბლის თუ ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ აქ ვარ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თავდასხმის შემდეგ გადაღებული ფოტო ყველაზე საკულტო ფოტოა, რაც კი ოდესმე უნახავთ. ისინი მართლები არიან და მე არ მოვკვდი. ჩვეულებრივ, უნდა მოკვდე, რომ საკულტო სურათი გქონდეს".

ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმაზე გამოძიება დაწყებულია, მანამდე ისმის კითხვები - თუ როგორ მოახერხა დამნაშავემ პრეზიდენტამდე ასე ახლოს მისვლა და რატომ ვერ მოხდა საიდუმლო სამსახურის მხრიდან დროული და ეფექტიანი რეაგირება. თავდამსხმელის შესახებ ჯერ მხოლოდ მცირედია ცნობილი. უცნობია მოტივებიც. დამნაშავე 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია. ის ერთ-ერთი შენობის სახურავზე იმყოფებოდა, საიდანაც ცეცხლი ნახევრად ავტომატური შაშხანით ტრამპს დაახლოებით 150 მეტრის დაშორებიდან გაუხსნა.

ბატლერის ოლქის შერიფი, მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ,მას შემდეგ, რაც კრუქსი შენიშნეს და ვერ იპოვეს, ადგილობრივი პოლიციელი ერთ-ერთი შენობის სახურავზე ავიდა, მას ადგილზე კი შეიარაღებული 20 წლის ბიჭი დახვდა. თავდამსხმელმა იარაღი სამართალდამცველს დაუმიზნა, რის პასუხადაც პოლიციელი დაბლა ჩავიდა, რადგან ის შეუიარაღებელი იყო. სამართალდამცველის ჩასვლისთანავე კრუქსმა დონალდ ტრამპის მიმართულებით ისროლა. სწორედ ამის შემდეგ, თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა.

როგორც ირკვევა, დამნაშავის იარაღი კრუქსის მამაზე იყო გაფორმებული, იარაღის შეძენა კი დაახლოებით 6 თვის წინ მოხდა. მედიის ცნობით, კრუქსი, პენსილვანიაში კლერტონის სპორტსმენთა კლუბის წევრი იყო, სადაც შაშხანით 200 იარდზე სროლაში ვარჯიშობენ. თავდამსხმელი სკოლაში თოფის მსროლელთა გუნდიდან იყო გარიცხული, რადგან ცუდად ისროდა. თავდასხმის დღეს გადაღებული კადრებიდან ჩანდა, რომ კრუქსს ეცვა მაისური, რომელზეც გამოსახული იყო YouTube-არხი Demolition Ranch-ის ლოგო. ამ არხზე რეგულარულად იდება სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოცდის ვიდეოები. FBI-ის ცნობით, კრუქსს პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა, ამიტომ გამომძიებლებმა მისი იდენტიფიცირებისთვის დნმ და სახის ამოცნობის ტექნოლოგია გამოიყენეს.

გაუგებარია კრუქსის პოლიტიკური იდეოლოგიაც. მონაცემებში ჩანს, რომ 20 წლის ბიჭი პენსილვანიაში რესპუბლიკელების ამომრჩევლად იყო დარეგისტრირებული, მაგრამ ფედერალური კამპანიის ფინანსურ ანგარიშში წერია, რომ 2021 წელს, პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, ბიჭმა 15 დოლარი შესწირა დემოკრატებს. მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ FBI-მ იპოვა ვიდეო, სადაც თავდამსხმელი რესპუბლიკელების მიმართ ზიზღზე საუბრობს. თანატოლების ნაწილი იხსენებს, რომ მას ხშირად აბულინგებდნენ, ნაწილი კი ამბობს, რომ ის მშვიდი ადამიანი იყო და კარგად სწავლობდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ტრამპზე თავდამსხმელი საინვესტიციო გიგანტ BlackRoc-ის რეკლამაში ჩანს.

FBI-ის დასკვნის მიხედვით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. გამოძიების ფედერალურ ბიუროში ფაქტს პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განიხილავენ. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილის სახლსა და მანქანაში, საეჭვო მოწყობილობა აღმოაჩინეს. თავდამსხმელის მეზობლები მედიასთან ჰყვებიან, რომ პოლიციამ მათი ევაკუაცია შუაღამისას გაფრთხილების გარეშე დაიწყო. კრუქსის სახლის ირგვლივ, პოლიცია ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებდა.

ტრამპთან ერთად დაშავდა მიტინგის ორი მონაწილე. ერთი კი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილია 50 წლის კორი კომპერატორია. მეხანძრე-მაშველი ტრამპის აქციაზე ოჯახის ტყვიებისგან დაცვას ემსხვერპლა.

ამერიკის პრეზიდენტმა, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა. ის ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ტრამპის ინფორმაციით, ბაიდენი მის წინააღმდეგ ორი საქმის შეწყვეტის ბრძანებას გასცემს - ამის შესახებ მან New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა. თავად პრეზიდენტმა მომხდარის შემდეგ ამერიკელ ხალხს ოვალური კაბინეტიდან მიმართა და პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევის საჭიროებაზე ისაუბრა.

ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიას, შესვენების გარეშე განაგრძობს. მნიშვნელოვანია, რომ მას რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახლებამდე რამდენიმე დღით ადრე ესროლეს. ტრამპი უკვე უკვე მილუ-ოკიშია და რესპუბლიკელთა ყრილობაზე დასასწრებად ემზადება, როგორც ცნობილია თავდასხმის შემდეგ, ტრამპის სიტყვა შეიცვალა და ის კონკურენტ ბაიდენზე კრიტიკის ნაცვლად, ერის გაერთიანებაზე იქნება ორიენტირებული.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმამ მსოფლიო ლიდერები შოკში ჩააგდო. ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს მომხდარი ნატოს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა და წევრი ქვეყნის ლიდერებმა. თავდასხმაზე შეშფოთება გამოთქვა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა. რობერტ ფიცოს განცხადებით, დონალდ ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები ერთმანეთს "ზუსტი ასლივით" ჰგავს.

"ნადირობა ტრამპზე", "ტრამპი გადაულახავ ძალად იქცა: იმპიჩმენტებით, დაპატიმრებებით და ახლა მკვლელობის მცდელობით იგი სულ უფრო ძლიერდება" - თავდასხმის შემდეგ ამ სათაურებით აქტიურად ვრცელდება სტატიები, სადაც ტრამპს პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებენ. ვარაუდობენ, რომ თავდასხმისას ექსპრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვები -იბრძოლეთ! - მისი საარჩევნო კამპანიის სლოგანი გახდება.

 

დღის ამბები