25 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
პარლამენტმა, 6 წლის ვადით, გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გაბიტაშვილი პარლამენტმა 80 ხმით აირჩია

80 დეპუტატის მხარდაჭერით, გიორგი გაბიტაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობა 6 წლით ჩაიბარა.

პროკურატურაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების შემდეგ, ახლა უწყების განვითარებას პირველი პროკურორის პოსტიდან გეგმავს. პრიორიტეტები უკვე გაწერილი აქვს - გიორგი გაბიტაშვილი პირველ რიგში, თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას აპირებს, თანამშრომლებთან ერთად კი გეგმავს დაზარალებულთა კომუნიკაციის სტრატეგია შეიმუშაოს.

გიორგი გაბიტაშვილი თანამდებობაზე, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს, ამას კი წინ, იურიდიული კომიტეტი უძღოდა, სადაც დეპუტატებს საშუალება ჰქონდათ გაბიტაშვილისთვის კითხვები დაესვათ და მისი შეხედულებები მოესმინათ. ორივე შემთხვევაში, პროცესში მონაწილეობა ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა არ მიიღო, სხდომას ხელისუფლების ოპონენტებიდან მხოლოდ "ევროპელი სოციალისტები" და "გირჩი" ესწრებოდა.

სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურაში შექმნილი სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის სტატისტიკა, დანაშაულის მაჩვენებელი და გამოწვევები - გიორგი გაბიტაშვილთან კითხვები სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი გაბიტაშვილი პროკურატურას წარმატებით უხელმძღვანელებს. მმართველი ძალა, პროკურორის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.

გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, საკანონმდებლო ორგანოს საპროკურორო საბჭომ გადმოუგზავნა. მან გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 23 მაისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

დღის ამბები