25 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
გამოფენა, რომელსაც მხატვარი ვეღარ დაესწრო - მალე თბილისს ირაკლი სუთიძის სახელობის გალერეა ექნება

ციმაკურიძის ქუჩის 6 ნომერი. ლამაზი ორსართულიანი სახლი რიკულებიანი, პატარა სარკმლებით. სახლი ძველ უბანში, სადაც არაერთი ისტორია, ტრადიცია, ქიმერა, მითი თუ ლეგენდა ცოცხლობს. ძაფის სართავები, კერამიკული ნაკეთობები, მინის ქილები, საუკუნის წინანდელი ჭრელი ფარდაგები.

აქ ყველა ნივთი მეტყველია და თავის სათქმელს ჰყვება. სახლის ყველა კუნჭულს განსაკუთრებული აურა და სული აქვს, ისევე, როგორც ნახატებს, ამ კედლებმა რომ დაიტია. ხელოვნებით სავსე ორსართულიან სახლში დიდი ხნის წინ ერთი მხატვარი და მისი მეუღლე დასახლდნენ.

სიცოცხლე გაგრძელდა და მას შემდეგ ამ სახლში წლების განმავლობაში ირაკლი სუთიძის ათეულობით ნამუშევარი დაიბადა. მხატვარმა ფერწერულ ტილოებზე სამუშაოდ სახლის ყველაზე მყუდრო ადგილი შეარჩია.

საათობით მუშაობდა, რომ თავისი უნიკალური ტექნიკით და ფერწერული მიგნებებით, ისეთი ფერები შეექმნა, რომელიც ტილოზე სულ სხვა სინათლეს და ემოციას მოიტანდა. საღებავებსა და ფუნჯებში დაკარგული მხატვარი დროდადრო რჩევებს ხელოვნებათმცოდნე მეუღლისგანაც ისმენდა.

ირაკლი სუთიძე ქართველ მხატვართა 80-იანელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. სამხატვრო აკადემიაში სწავლისას ექსპედიციაში წასულმა ქეთევან კორძახია გაიცნო. მერე 18 წლის ცეცხლისფერთმიანი გოგო თეთრი ნაბადით მოიტაცა და პაოლო იაშვილის სახლში წაიყვანა. ასე გახდა მისი ცხოვრებისეული თანამგზავრიც და მისი ტილოების განუყოფელი ნაწილი.

მხატვარ პრინცს გოგო ცხენით არ მოუტაცია, მაგრამ ცხენების სიყვარული მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ცხენებიც ჰყავდა, უვლიდა და მათთვის აკაზმულობას თავად ქმნიდა. კერავდა აღვირებს, უნაგირებს, დანების ქარქაშებს. გადაჰქონდა ტილოებზეც.

ქეთევან კორძახიას პროფესიული ცხოვრების განმავლობაში უამრავი გამოფენა აქვს მოწყობილი, უამრავ მხატვარს იცნობს, თუმცა სახლში მხოლოდ ერთი შემოქმედი კაცის ნახატებს ინახავს, მეუღლის მემკვიდრეობას. მემკვიდრეობას, რომელიც ფართო საზოგადოებამდე ასე ახლოს მხატვრის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ამ სივრცემ კიდევ ერთხელ მიიტანა.

ტილოები, სადაც ცხოვრებას ცხენები, თევზები, დევის ცოლები, სკივრები იწყებენ...
მხატვრის ინდივიდუალური ხატვის მანერა. მისთვის სახასიათო მხატვრული ხერხები. უგულებელყოფილი დრო. ნარატივისგან დაცლილი კომპოზიციები, სერიებად დახატული ერთი და იგივე ფიგურები, რელიგიური თუ მითოლოგიური სცენები
ამბობდა, რომ არასდროს დაუხატავს პორტრეტი შეკვეთით. პორტრეტი კი არა, არაფერი დაუხატავს სხვისი მითითებით. არც საჯაროობა უყვარდა და არც თავის გამოფენებზე სიარული. თუმცა იყო გამონაკლისებიც. ერთხელ ცხენითაც მივიდა, ოდნავ დაგვიანებით და პირდაპირ იპოდრომიდან.

ნამუშევარს მასზე მუშაობის დაწყების პირველივე წუთიდან კრიტიკული თვალით უყურებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულებდა, თუ თავიდანვე მოეწონებოდა. იმდენად რთული ტექნიკით ხატავდა, რომ ნახატის გადაკეთება შეუძლებელი იყო. თუ არ მოეწონებოდა, ტილოს ჩარჩოს აძრობდა და აგდებდა. ის - ირაკლი სუთიძის ავტოგრაფიც იყო და კონცეფციაც.

მხატვარს ორ აგვისტოს 70 წელი შეუსრულდებოდა. გამოფენა სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ირაკლი სუთიძის 80-მდე ნამუშევარია გამოფენილი.

მალე თბილისს ირაკლი სუთიძის სახელობის გალერეა ექნება.

ირაკლი სუთიძეს ბოლო დაუსრულებელ ნამუშევარში, ისევ ცხენის დახატვა უნდოდა, მხოლოდ კონტურის შემოვლება მოასწრო და ხევსურული ლეგენდის გმირივით ის მარადიულობის ნაწილი გახდა.

დღის ამბები