25 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
სად აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები და შეუსაბამობა - "კურიერი P.S.-ის" ექსპერიმენტი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად

მღრღნელებისა და მწერების კვალი, არასათანადო პირობებში შენახული პროდუქტები, დაბინძურებული ინვენტარი და მოუწესრიგებელი მაგიდები სამზარეულოში - კადრები "კურიერი P.S"-ის კამერამ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ საკვებ ობიექტში მაშინ გადაიღო, როცა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაწესებულებას ამოწმებდნენ.

ტურისტებისთვის მიმზიდველი კაფე გარედან ისე გამოიყურება, თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა შიდა სამზარეულოში განსხვავებული რეალობა დაგვხვდა.

სამზარეულოს შემოწმების შემდეგ, საწყობში ვინაცვლებთ, სადაც მღრღნელების კვალს, მწერებსა და ეტიკეტირების გარეშე შენახულ პროდუქტებს ვხვდებით.

არასათანადო ტემპერატურაზე ლღვება ხორცი, რაც ასევე კრიტიკული შეუსაბამობაა. ობიექტზე აღმოვაჩინეთ ვადაგასული პროდუქტებიც - სოსისები, ქათამი, პური, რძე და არაჟანი.

ობიექტი 1000 ლარით დაჯარიმდა და კონკრეტული საწარმოო პროცესი შეუჩერდა იქამდე, ვიდრე ხარვეზები არ გამოსწორდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებთან ერთად, "კურიერი P.S." კიდევ უფრო ხალხმრავალ ადგილას - ბათუმის ბულვარში ინაცვლებს და კიდევ ერთი ობიექტის შესამოწმებლად შედის.

შესვლისთანავე, ერთ-ერთი მზარეული ხელთათმანს იკეთებს, თუმცა სამზარეულოში ამაზე დიდი პრობლემები დაგვხვდა. დაბინძურებული აქ მხოლოდ საკვები არ არის, მოუწესრიგებელია მაცივრებიც, სამზარეულოს ინვენტარიც, პრობლემებია ეტიკეტირების მხრივაც. ჯარიმას ვერც მორიგი დაწესებულება გადაურჩა და, დეზინფექციის ჩატარებამდე, სტუმრების მიღებაც აეკრძალა.

შემოწმება საშაურმეში გრძელდება, თუმცა ამ ობიექტში სახელმწიფო კონტროლმა კრიტიკული შეუსაბამობები ვერ აღმოაჩინა, ამიტომ ობიექტი არ დაჯარიმდა.

ზაფხულის სეზონზე, საკურორტო ზონებში, სახელმწიფო კონტროლი ყოველდღიურად მიმდინარეობს. უკვე შემოწმდა 150-მდე ობიექტი, კრიტიკული შეუსაბამობები კი 10 შემთხვევაში გამოვლინდა.

თბილისში, ნავთლუღის ბაზარში, "კურიერი P.S.-ის" კამერამ კადრები გადაიღო - ზაფხულის ცხელ დღეებში მოსახლეობის ყოველდღიურ რაციონში ხშირად არის ნესვი და საზამთრო. სწორედ ამიტომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ნესვისა და საზამთროს ნიმუშებს იღებენ. ინსპექტორებმა ნესვი და საზამთრო შეიძინეს, ხილი ნიტრატებსა და პესტიციდებზე მოწმდება.

ბაზარში მოსახლეობის სიმრავლე ადასტურებს, რომ მოქალაქეები დახლებზე გამოტანილ პროდუქციის ხარისხს ენდობიან. საკუთარ მოსავალში ეჭვი აქ არც გამყიდველებს ეპარებათ. თავად ენდობიან, თუმცა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ბაზრებში ხილ-ბოსტნეულის მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება, დახლებიდან ამოღებული საკვები კი ლაბორატორიაში მოწმდება.

კვლევების შედეგები ცნობილია - ლაბორატორიაში მიტანილ ნესვსა და საზამთროში დარღვევები არ აღმოჩნდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დარღვევების ტენდენცია შემცირებულია, თუმცა სრულად აღმოფხვრილი - არა. ხილ-ბოსტნეულთან ერთად, ზაფხულის სეზონზე, აქტიურად მოწმდება ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის საყვარელი ტკბილეული - ნაყინი.

ტკბილეულთან ერთად, აქტიურად მოწმდება ხორცპროდუქტები. საეჭვო წარმომავლობის ხორცს ჯანმრთელობის ნიშანდება არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველო არ დაკლულა სასაკლაოზე, არც დაკვლისწინა და არც შემდგომი შემოწმება გაუვლია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, ბოლო 3 თვეში, 1300 კილოგრამი ასეთი ხორცი, განადგურების მიზნით, დალუქეს.

ავტორები: ნანა გოგატაძე, იზი ბურნაძე

დღის ამბები