25 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
დიდი ომის პირისპირ - ისრაელი ლიბანთან მორიგი ომისთვის ემზადება

ისრაელი "ჰეზბოლასთან" ომისთვის ემზადება. ლიბანმა ულტიმატუმი უკვე მიიღო. ოფიციალური იერუსალიმის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ლიბანის სამხრეთის ტერიტორია, სასწრაფო წესით უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულმასშტაბიანი ომი გარდაუვალი იქნება.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2006 წელს მიღებული რეზოლუცია, ისრაელი-ლიბანის სასაზღვრო ზონის, ""ცისფერ ხაზს"" და მდინარე ლიტანს შორის ტერიტორიის სრულ დემილიტარიზაციას ითვალისწინებს. ახალი ომის საფრთხე, მას შემდეგ გაჩნდა, რაც გოლანის მაღლობზე ისრაელის მიერ კონტროლირებად ქალაქ მაჯდალ შამსში მდებარე საფეხბურთო მოედანზე, სარაკეტო თავდასხმას 12 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. დაჭრილია ოცდაათი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის სპიკერმა ტრაგედიის ადგილიდან განაცხადა, რომ კრიმინალისტების დასკვნით შეტევა ""ფალაქ 1""-ის ტიპის რაკეტით განხორციელდა. დანიელ ჰაგარმა დასძინა, რომ ამ იარაღს "ჰეზბოლას" ირანი აწვდის და დაჯგუფების გარდა რეგიონში ეს იარაღი არავის აქვს.

ლიბანურმა ""ჰეზბოლამ"" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აიღო. ამის მიუხედავად შეერთებულმა შტატებმა მომხდართან დაკავშირებით ისრაელის პოზიცია გაიზიარა. ენტონი ბლინკენი მოვლენებს ტოკიოდან გამოეხმაურა.

თავდასხმის საპასუხოდ ისრაელი ლიბანზე იერიშებს ახორციელებს. ქვეყნის პრემიერმა მომხდარის გამო შტატებში ვიზიტი შეწყვიტა . ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ""ჰეზბოლა“ ისეთ მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია. მინისტრთა კაბინეტმა ნეთანიაჰუს და იოავ გალანტს ქვეყნის გარეთ ძალის გამოყენების ყველა საჭირო უფლება მისცა.

ვიდრე "ცახალი"" ""ჰეზბოლისთვის"" პასუხის ამზადებს, ისრაელმა მუქარა ირანისგან მიიღო. ქვეყნის უმაღლესმა მმართველმა აიათოლა ჰომენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი სახელმწიფო კი არა მკვლელებისგან და ტერორისტებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფებაა, ხოლო ქვეყნის საგარეო უწყებამ მუქარა გაახმოვანა.

ისრაელმა მუქარა თურქეთისგანაც მოისმინა, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრისას ერდოღანმა ისრაელი ღაზაში შექმნილ სიტუაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თურქეთი ისრაელში შესასვლელად უნდა მოემზადოს.

ერდოღანს ისრაელის პირველმა დიპლომატმა უპასუხა, ისრაელ კაცმა თურქეთის პრეზიდენტს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯილი სადამ ჰუსეინის ბედით დაინტერესება შესთავაზა.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ამ ეპიზოდმა შესაძლოა რეგიონში სრულმასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვიოს. ლიბანიდან სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება უკვე მიიღეს გერმანიის, საფრანგეთის, ნორვეგიის, კანადისა და შვედეთის მოქალაქეებმა. ევროპიდან კი ქვეყნის მიმართულებით ავიაკომპანიებმა რეისები გააუქმეს.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები