25 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
"ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გადამეღო საზღვარგარეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სულ სხვანაირად გავიაზრე ჩვენი ქვეყანა, მისი ისტორია ამ დიდ დედამიწაზე" - თომა ჩაგელიშვილი

საკუთარი ქვეყნის ისტორიის შეცნობაში, არა მხოლოდ საქართველოში არსებული წარსულის ძეგლების გაცნობა გვეხმარება, ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საზღვარგარეთ, უამრავ უცხო ქვეყანაში გაბნეული ქართული კულტურული ძეგლების შესახებ ცოდნასაც.

დოკუმენტალისტიკა წარსულის გაცოცხლებისა და შესწავლისთვის ერთ-ერთი ფასდაუდებელი გამოხატულებაა. "რუსთავი 2"-ის მაყურებელი თომა ჩაგელიშვილის ნამუშევრებით ამ მხრივ ნამდვილად განებივრებულია. ახლა კი, მის დოკუმენტურ ფილმებში გაცოცხლებული ისტორიის ხილვა უკვე "რუსთავი 2"-ის ვებგევრდზეც შეგიძლიათ.

როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, "თუ ისტორია ვიცით, ეს არის საშუალება, სწორად დავგეგმოთ ჩვენი დღევანდელობა და ჩვენი მომავალიც".

ასევე, მისთვის, როგორც დოკუმენტალისტისთვის, უმთავრესია, როგორ მიიღებს მის ნამუშევარს მაყურებელი, ამიტომ სათქმელი ბევრჯერ გადამოწმებული და შესწავლილია.

ასევე ინტერვიუში წაიკითხვათ, რა არის თომა ჩაგელიშვილის საოცნებო პროექტი გარდა იმისა, რაც საქართველოს ისტორიისა და კულტურული ძეგლების გაცოცხლებისთვის აქამდე გაუკეთებია. 

- რამდენად ემოციურია და რატომ არის მნიშვნელოვანი უცხოეთში არსებული უნიკალური ქართული ისტორიული ძეგლების მონახულება?

- როდესაც საქართველოზე და საქართველოს ისტორიაზე ვლაპარაკობთ, წარმოუდგენელია არ გავიაზროთ, რა შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ - ეს არის იერუსალიმი, ეს არის ევროპის ქვეყნები, საბნერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ტაო-კლარჯეთი, რომელიც საქართველო იყო.

კიდევ ვიმეორებ, ჩვენ თუ გვინდა ვიცოდეთ რა არის ჩვენი ქვეყანა და რას წარმოადგენდა საუკუნეების განმავლობაში, აუცილებელია იმის გააზრება, რომ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას ვქმნით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ვავრცელებდით ჩვენს ცოდნას, ასევე ვიღებდით ცოდნას საზღვარგარეთიდან, ხდებოდა ამ ცოდნის გაცვლა, ეს არის მთავარი.

- რატომ  და სად უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში, რამდენად მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ჩვენს უნიკალურ ისტორიულ მემკვიდრეობას? 

- ალბათ ადამიანს ასი სიცოცხლე არ ეყოფა, რომ რაც საქართველოში ისტორიული და კულტურული ძეგლებია, ყველა ნახოს. ამიტომ, ჩემი რჩევა ასეთი იქნება - რომელ რეგიონშიც ვიქნებით, აუცილებლად მოვინახულოთ იმ რეგიონის ძეგლები, რადგან შეუძლებელია გამოყო ადამიანმა რომელიმე კონკრეტული ძეგლი. ვერ ვიტყვი რომელი არის ოცეულში, ან ათეულში ან თუნდაც ხუთეულში. 

თუ ხართ იმერეთში, აუცილებლად უნდა ნახოთ გეგუთის სასახლე, ბაგრატი, გელათი, მოწამეთა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ხართ კახეთში, უნდა ნახოთ ალავერდი, შუამთა, გრემი, თელავი, სიღნაღი, არ მეყოფა სიტყვები. აჭარაში რომ ხარ, გონიოს ციხიდან უნდა დაიწყო და შემოიარო მთელი რეგიონი. 

ამიტომ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, უნდა კონცენტრირდეთ იმ რეგიონში არსებულ ძეგლებზე და მთავარი, რაც მინდა ყველას ვუთხრა, წაიკითხეთ ამ ძეგლების შესახებ წინასწარ ან ნახეთ რაიმე ვიდეო, რადგან კარგია თუ გაქვს წინასწარ ინფორმაცია, უფრო განსხვავებულად ნახულობთ და აღქმაც უფრო სხვანაირი გაქვთ, უფრო შენიანი ხდება, უფრო კარგად გაიაზრებ რა ისტორიულ ძეგლს ეწვიე თავისი მნიშვნელობით. 

- რომელ პროექტზე მუშაობა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო, ემოციური და რატომ?

- მთელი ჩემი ცხოვრება არის ემოციური ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას. "რუსთავი 2"-ში მუშაობა არის ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრვალაშრიანი, იმიტომ, რომ სულ სხვადასხვა ეტაპებია. მაგალითად, გავაკეთეთ საქართველოს უახლესი ისტორიის მთელი ერთი დიდი ციკლი. ასევე, ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა უმნიშვნელოვანესი პროექტი - ეს არის ქართული კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ, რაც გავაკეთეთ სერიალად. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთხელ ჩემთვის საკუთარი თავის აღმოჩენა. მართლა ბედნიერი ვარ, რომ მომეცა იმის შესაძლებლობა, მენახა და გადამეღო საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და აი, რასაც ვამბობდი ინტერვიუს დასაწყისში, სულ სხვანაირად გავიაზრე ჩვენი ქვეყანა, მისი ისტორია ამ დიდ დედამიწაზე, ევროპისა და აზიის რეგიონში.

- რომელ პროექტზე მუშაობა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

- ადვილი არცერთ პროექტზე მუშაობა არ არის, ყველას აქვს თავისი სირთულეები, თავისი გამოწვევები, თუმცა უფრო მეტად ვფიქრობ ხოლმე, რომ როდესაც შედეგი დგება და მაყურებელი იღებს ამას, მაშინვე გავიწყდება პრობლემები, რომელიც მუშაობას თან ახლდა. ამიტომ, ყველა პროექტი ძალიან საპასუხისმგებლოა, პირველ რიგში ვგრძნობ პასუხისმგებლობას მაყურებელთან - რას ვეტყვი მაყურებელს, რა ამბავს ჩავიტან, რაღაც ზედმეტი არ მომივიდეს, არ გამიტაცოს ჩემმა ფანტაზიამ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ვიყო თავშეკავებული და მაყურებელთან მივიტანო ის ინფორმაცია, რომელიც რამდენჯერმე მაინც არის გადამოწმებული.

- რა არის თქვენთვის ისტორია და რაში გეხმარებათ მისი ცოდნა? 

- ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, წესად მექცა - ზოგადად ისტორია არ არის რაღაც ლამაზი ზღაპარი, ისტორია არ არის ის, რომ წაიკითხე და სიამოვნება მიიღე ან არ მიიღე, ისტორია არის ჩვენი გაკვეთილი. ჩვენ თუ ისტორიას კარგად ვიაზრებთ, თუ ისტორია ვიცით, ეს არის საშუალება, რომ სწორად დავგეგმოთ ჩვენი დღევანდელობა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და კიდევ უფრო სწორად ვიფიქროთ თუ როგორები შეიძლება ვიყოთ ხვალ. ეს არის ათასწლეულების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, საკუთარი თავის ძიებაშიც შეიძლება გამოვიყენოთ, პიროვნულადაც შეიძლება გამოვიყენოთ. ისტორიის ცოდნა გვეხმარება თანამედროვეობაში და იმაშიც, რომ სწორად დავგეგმოთ მომავალიც. 

- ფილმი, პროექტი, რომლის გადაღებაზეც ოცნებობთ?

- ზოგადად, ძალიან მინდა გავაკეთო დოკუმენტური სერიალი, ეს არის საქართველოს ისტორია. მე სულ საქართველოს ისტორიას ვიღებ სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა პრიზმიდან, მაგრამ მივცემდი რაღაც ერთ ესთეტიურ ფორმას და ამ ფორმაში რამდენიმე წელი ვიმუშავებდი. ეს არის ახლა, რაც ჩემთვის შეიძლება იყოს საინტერესო. და კიდევ ერთი, ძალიან მინდა გავაკეთო დოკუმენტური ფილმი გალაკტიონ ტაბიძეზე, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და ვფიქრობ, რომ ერთ ფილმს გადავიღებ გალაკტიონ ტაბიძეზე, ოღონდ დრო მჭირდება ამისათვის.   

დღის ამბები