10 ოქტომბერი 2024,   12:53
ვრცლად
აღმოჩნდა, რომ თვითონ ყოფილან იმ საქმიანობაში თავიდან ფეხებამდე ჩართულნი, რომელსაც ოპოზიციას აბრალებდნენ - პეტრე ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ციკარიშვილი, ჰელსინკის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კომისიის წევრები აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო გუნდი, საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის, მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

ცისკარიშვილის თქმით, რასაც ბოლო წლების განმავლობაში მმართველი გუნდი ოპოზიციას აბრალებდა, აღმოჩნდა, რომ "თავად არიან ამ საქმიანობაში ჩართულნი".

"ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, არამედ ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

რასაც მთელი ამ ბოლო თვეების, თუ წლების განმავლობაში ისინი ოპოზიციას აბრალებდნენ, აღმოჩნდა, რომ თვითონ ყოფილან ამ საქმიანობაში თავიდან ფეხებამდე ჩართულნი", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნას.

"მოვუწოდებთ ოცნებას, ახლა მაინც შექმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქოლცენტრების საქმეზე. თუ ამ დანაშაულებრივი ფულით თქვენვე არ სარგებლობთ, თქვენივე ინტერესი უნდა იყოს ამ დანაშაულის სრული გამოძიება და სიმართლის დადგენა არჩევნებამდე, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობას.

თუ ისინი ამ დანაშაულებრივს სქემაში ჩართულნი არ არიან, თუ ისინი ამ დანაშაულებრივი ფულით სარგებელს არ ნახულობენ, რატომ არ იძიებენ, რატომ თქვეს უარი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები