13 ოქტომბერი 2024,   01:43
ვრცლად
რა პროგრესს მიაღწია საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და უსწრებს თუ არა მოლდოვასა და უკრაინას - თბილისში ესპანური ინსტიტუტის კვლევა შეაფასეს

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, არაერთი მიმართულებით, საქართველოს პროგრესი, ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ახლა უკვე ესპანურმა კვლევითმა ორგანიზაციამაც აღიარა. "მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის" ინსტიტუტის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ ოფიციალური თბილისისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი ჭიანურდება მაშინ, როდესაც ქვეყანას მოლდოვასა და უკრაინაზე უკეთესი შედეგები აქვს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაცია ქვეყანას დადებითად აფასებს.

"მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის" ინსტიტუტის ვრცელ კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია, უკრაინასა და მოლდოვას კი გამოწვევები ჯერ კიდევ აქვთ. გარდა ამისა, დოკუმენტის ავტორები ფიქრობენ, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების გაჭიანურებამ, შესაძლოა, კავკასიაში, უსაფრთხოების კუთხით, პრობლემები წარმოქმნას.

ესპანეთის ინსტიტუტის კვლევას აფასებენ ოპოზიციაში, სადაც ნაწილი დასკვნის შინაარს არ იზიარებს და ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირისგან მიღებულ რეკომენდაციებს არ ასრულებს; მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ქვეყანა რეიტინგებში სხვა კანდიდატ სახელმწიფოებს ჯობნიდეს, თუმცა, მათი თქმით, პრობლემას პარტნიორების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ქმნის.

კვლევაში საქართველოს პროგრესზე აქცენტი მოულოდნელი არ ყოფილა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტნიორებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო, ყველა ასპექტში, უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას, თუმცა, მისივე თქმით, ოფიციალური თბილისის მიმართ ორმაგი სტანდარტი მოქმედებს.

"მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის" ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევა გუშინ გასაჯაროვდა. დოკუმენტში გაანალიზებულია ყველა იმ ქვეყნის პროგრესი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზეა.

დღის ამბები