12 ოქტომბერი 2024,   01:22
ვრცლად
"სამწუხაროა "ქართული ოცნების" ქმედება, რომ არაფერს აკეთებენ დიპლომატიური კრიზისის აღმოსაფხვრელად" - ოპოზიცია უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევაზე, რომლის მიზეზიც სარეცხი მანქანის შეძენა გახდა

უკრაინის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოდან უკრაინის დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. "ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან, ამასთან დაკავშირებით, საქართველოდან უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება მივიღე," - დაწერა Facebook-ზე დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ანდრეი სიბიგამ.

დღეს თემაზე ჟურნალისტებმა კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუსვეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება პოლიტიკური აქტი არ არის და ის უკავშირდება საელჩოს წარმომადგენლის მიერ, ომის პერიოდში ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რაც არაადეკვატურად ჩაითვალა - საუბარია სარეცხ მანქანაზე.

საკითხთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრშიც. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის წარმომადენლები დიპლომატიური კრიზისის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებენ.

"გავეცანი ამ განცხადებას, სამწუხარო არის არა ეს განცხადებები, არამედ "ქართული ოცნების" ქმედება, რომ ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, ეს დიპლომატიური კრიზისი და სირცხვილი, რაც შეიძლება სწრაფად იქნას აღმოფხვრილი," - აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე.

რაც შეეხება "ლელოს," მათი შეფასებით, უკრაინასთან ურთიერთობები უკვე 2 წელია ჩიხშია შესული. 

"ეს ურთიერთობები უკვე თითქმის 2 წელია ჩიხშია შესრული და უკრაინის მხრიდან გაწვევა წარმომადგენლის, ეს წარმოადგენს პრობლემას, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც ელოდებიან საქართველოს სახელმწიფოებრივ და პროქართულ პოზიციას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან", - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები