12 ოქტომბერი 2024,   01:55
ვრცლად
"რეაგირებისთვის მხოლოდ 30 წუთი გვქონდა, სასწაული შევძელით, 4 წუთით ადრე შევიტანეთ შესაგებელი" - რატი იონათამაშვილი ოქროს მედლის დაბრუნების ისტორიას იხსენებს

საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა. პარალიმპიადის კულისებში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, "რუსთავი 2" საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რატი იონათამიშვილს ესაუბრა, რომელმაც პარალიმპიადის ისტორიები და ემოციური ამბები გაგვიზიარა. ინტერვიუს სრულ ვერსიას "რუსთავი 2" დღეს შემოგთავაზებთ.

მანამდე კი, ქართველი პარალიმპიელის, გიგა ოჩხიკიძის ოქროს მედალთან დაკავშირებული ისტორიის კულუარ დეტალებს მოგიყვებით, რომელსაც რატი იონათამაშვილი იხსენებს.

- მინდა დეტალურად გკითხოთ გიგა ოჩხიკიძის ამბავზე, რომლის დასასრულსაც მთელი ქვეყანა მოუთმენლდა ველოდით. ვიცით, რომ მედლის უკან დაბრუნებაში დიდი წვლილი მიგიძღვით. რატომ გაასაჩივრეს ჩვენი პარალიმპიელის მედალი?

"ეს იყო ძალიან უცნაური შემთხვევა, რომლის პრეცედენტი ძალიან იშვიათად თუ მოიძებნება. გამოცხადდა გამარჯვებული, დაირეკა სტადიონზე ზარი და მაშინ, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით დაჯილდოების ცერემონიალისთვის, გავიგეთ, რომ გასაჩივრებული იყო და ამ საჩივრის საფუძველზე გიგას შედეგები იყო ანულირებული. ჩვენ რეაგირებისთვის გვქონდა მხოლოდ 30 წუთი და ამ დროის ნახევარი ფაქტობრივად უკვე გასული იყო, თუმცა სასწაული შევძელით ერთობლივი ძალებით, არ დავკარგეთ კონცენტრაციის უნარი, გვქონდა ძალიან სწრაფი, მყისიერი რეაგირება და შევძელით, რომ დროის ამოწურვამდე, 4 წუთით ადრე შესაგებებელი სარჩელი შეგვეტანა. ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ საჩივარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ჰქონდათ, ირანის, მოროკოსა და პოლონეთის დელეგაციებს, არ შესულიყო საბოლოო ძალაში, და მე, როგორც პრეზიდენტმა, მოვითხოვე იქ, სადაც ტექნიკური პერსონალი და ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, შევსულიყავით, მათ შორის, მსაჯებისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც იყო მონიტორები გაშლილი და გვენახა სათითაოდ, არა მხოლოდ გიგა ოჩხიკიძის, არამედ, სხვა მოასპარეზეების კვრები. ჩვენ დაგვიკმაყოფილეს ეს სურვილი.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო მტკიცებულებების სახით, მოგვეპოვებინა გიგა ოჩხიკიძის ასპარეზობის ამსახველი ვიდეოები და ესეც დაუყოვნებლივ შევძელით, მწვრთნელების დახმარებით. ჩვენი კითხვა იყო შემდეგი - ის რაც სუფთად ჩათვალა, რომსა და კობეში, რატომ არ უნდა ჩათვლილიყო სუფთად პარიზში? - რაზეც საპასუხო არგუმენტები ვერ მივიღეთ. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი გაგრძელდა 3-4 საათის განმავლობაში, რის შემდგომაც ზემდგომი ინსტანცია შევიდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასაც დაახლოებით 1 საათამდე დასჭირდა დრო. საოცარი იყო ის ერთობა, რომელიც ჩვენ: გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა და მთლიანად დელეგაციამ ვაჩვენეთ, ფეხი არ მოგვიცვლია ადგილიდან, (30 ქართველი მაინც ვიყავით შეკრებილი.) საბოლოო ჯამში, ახალ ზელანდიელი ერთ-ერთი ფუნქციონერი გამოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენთვის მეოთხე გდება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ეს შედეგები უკვე გამწვანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გიგა ხდებოდა, როგორც პარალიმპიური ჩემპიონი. ასევე, მას დაუბრუნდა მსოფლიოს რეკორდი, რომელიც 15 წლის განმავლობაში არავის ჰქონდა მოხსნილი და არავინ ახლოსაც არ იყო მისული ამ რეკორდთან. დღის მეორე ნახევარში კი, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და ჩვენ ვნახეთ 80 000 ადამიანი, როგორ წამოუდგა ფეხზე საქართველოს ჰიმნსა და დროშას," - ამბობს რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები