14 ოქტომბერი 2024,   02:47
ვრცლად
"ხალხის ძალა" ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ - პარტია ჯიმ ო"ბრაიანისა და პიტერ სტანოს კრიტიკას ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონპროექტისა და გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებაზე თავდასხმად აღიქვამს

"ხალხის ძალა" ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ - პოლიტიკური პარტია ჯიმ ო"ბრაიანისა და პიტერ სტანოს კრიტიკას წინასაარჩევნოდ ხელისუფლებაზე თავდასხმას უწოდებს. საქმე ეხება ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონებს.

"ხალხის ძალას" მიაჩნია, რომ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან "ქართული ოცნების" კრიტიკა ოპოზიციის გაძლიერებასა და ქვეყანაში მმართველი გუნდის წინააღმდეგ ნეგატიური განწყობების შექმნას ემსახურება. ხელისუფლების ოპონენტები ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მწვავე განცხადებებს სრულად იზიარებენ და ახლა უკვე რეალურ ქმედებებს ელოდებიან. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ დესტაბილიზაციის მცდელობებს პასუხს ქართველი ამომრჩეველი 26 ოქტომბერს გასცემს.

ხელისუფლებაზე თავდასხმა - ასე აღიქვამენ "ხალხის ძალაში" ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების ნაწილის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ ნეგატიურ შეფასებებს. მორიგ წერილში "ხალხის ძალა" იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რა შეიძლება იდგეს იმ კრიტიკის მიღმა, რაც ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებისა თუ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ კეთდება. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის - პიტერ სტანოსა და შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის - ჯეიმს ო’ბრაიანის პოზიციებმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი. ”ხალხის ძალაში” ფიქრობენ, კრიტიკის მიზანი არსებული ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლებაა, რაც საქართველოში უკრაინიზაციის საფრთხეს რეალურს გახდის.

მმართველ გუნდში უკვირთ - რატომ ეწინააღმდეგებიან სხვა ქვეყნები საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ამის მაგალითად კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადება მოჰყავთ, სადაც პიტერ სტანო მიიჩნევდა, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვის პროექტის მიღება ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და რომ ასეთი ცვლილება, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს უფრო დაძაბავს. ამ ურთიერთობას რომ ზიანი მიადგა - ამაზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც.

დასავლეთიდან კრიტიკა ხელისუფლების ოპონენტებს არ უკვირთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პარტნიორები საქართველოს ინტერესების დაზიანებით დაინტერესებული არ არიან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ყველა მსგავსი განცხადება, წინასაარჩევნოდ, საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციების ცვლილების იმედი აქვს პრემიერ-მინისტრს. განცხადება დღეს ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და თქვა, რომ, ასეთი დამოკიდებულებით, რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირი ჩარევა ხდება.

მმართველი პარტია პარტნიორებს მოუწოდებს, რეალურად აღიქვან ის პროცესები, რომელიც საქართველოშია და, ობიექტურობის პრინციპის დაცვის შემთხვევაში, დარწმუნდებიან, რომ საქართველო, ევროპული ინტეგრაციის პროცესში, მოლდოვასა და უკრაინაზე წინაა.

დღის ამბები