14 ოქტომბერი 2024,   02:56
ვრცლად
რა კითხვები აქვს "ოცნებასა" და ოპოზიციის ნაწილს დავით კეზერაშვილის საქმიანობასთან - "ქოლცენტრების" საქმე ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა

ქართულ პოლიტიკაში შემოსული, ევროპელი პენსიონერებისგან მითვისებული ფინანსები მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. საუბარია ქართველი და ევროპელი სამართალდამცავების მიერ მორიგი, ე.წ. ქოლცენტრის აღმოჩენაზე, რომლის მესვეურებიც, გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავები არიან.

ამ ფაქტმა საპარლამენტო უმრავლესობას ჰელსინკის კომისიის მიერ გამოთქმული ბრალდებები გაახსენა. კანონმდებლები კომისიის მიკერძოებულ მიდგომაზე საუბრობენ და არ უკვირთ, რომ დასავლელი ლობისტები ოპოზიციის დამფინანსებლის დანაშაულზე თვალს ხუჭავენ.

ძებნილი ყოფილი მინისტრის დაცვა დღეს "ნაცმოძრაობამ" სცადა. მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილი ევროპელმა სამართალდამცავებმა და მედიამ არაერთი კრიმინალური საქმის ფიგურანტად გამოაცხადეს, "ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა. სააკაშვილის პარტია ექს-მინისტრის მიმართ მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიაზე საუბრობს.

დავით კეზერაშვილის გასამართლების აუცილებლობაზე საუბრობენ "ლელოსა" და გახარიას გუნდში. კოლეგა ოპოზიციონერ პარტიებს "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ დამფინანსებლებთან კითხვები აქვთ და პასუხების მიღებას არჩევნებში წარმატების შემთხვევაში აპირებენ.

დავით კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებულ, მორიგ თაღლითურ სქემას დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურისთვის, გაუგებარია, რატომ სარგებლობს ყოფილი მაღალჩინოსანი ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების უფლებით, იმ ფონზე, როდესაც ევროგაერთიანების მოქალაქეებისთვის მილიონობით ევროს გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.

თბილისში მოქმედი კიდევ ერთი "ქოლცენტრის" საქმეზე პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის, დაკავებულია კომპანია "მორგან ლიმითედთან" დაკავშირებული 4 პირი. დაკავებულებს შორის ერთი დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი, ერთიც კი მისი ახლო ნათესავია. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, თბილისში მომუშავე ცენტრიდან უკანონო ფული პირადად ექს-მინისტრის ანგარიშებზე ირიცხებოდა.

დღის ამბები