14 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
მესამე სექტორის წინასაარჩევნო კამპანია ქვეყნის ფარგლებს მიღმა - მმართველი გუნდი სენატში დაანონსებულ მოსმენას აკრიტიკებს

მესამე სექტორის წინასაარჩევნო კამპანია ქვეყნის ფარგლებს მიღმა - მმართველი გუნდი სენატში დაანონსებულ მოსმენას აკრიტიკებს. საუბარია, 12 სექტემბერს, ვაშინგტონში ჩანიშნულ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავარი მომხსენებელი ეკა გიგაური იქნება. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დირექტორს სენატორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოუსმენენ. განხილვის თემა იქნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონიც. შტატებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრას, დღეს, პარლამენტის სპიკერი ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მედიასთან გამოეხმაურა. პაპუაშვილმა პარტნიორებს 2020 წლის არჩევნების პარალელური ხმის დათვლის გაყალბება შეახსენა და თქვა, რომ უმჯობესია, სენატმა საქართველოს დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედი პირები USAID-ის მიერ დაფინანსებულ ენჯეოებში ეძებოს. რაც შეეხება გიგაურის პერსონას, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ის პოლიტიკური მხარეა და მიუკერძოებელი ვერ იქნება.

მმართველი გუნდის ბრალდებებს, დღეს, გიგაურის კოლეგებმა უპასუხეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი პოლიტიკურად ნეიტრალური და ობიექტური ადამიანია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" სტაჟიანი დირექტორის მიუკერძოებლობაში დარწმუნებულია ოპოზიციის დიდი ნაწილი. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიგაური ანტისახელისუფლებო აქციების ხშირი მონაწილეა, ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ობიექტური არბიტრის თვალით აკვირდება. ერთადერთი, ვინც ოპოზიციიდან ეკა გიგაური გააკრიტიკა - "გირჩი" იყო. პოლიტიკურ ცენტრში ამერიკელ პარტნიორებს არჩევანს უწუნებენ და ამბობენ, რომ შტატებმა პოლიტიკური ფსონი გიგაურსა და მესამე სექტორზე არ უნდა დადოს.

პოლიტიკურ ოპონენტებსა და მესამე სექტორს შორის არსებული ნდობა მმართველ გუნდში არ უკვირთ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, არასამთავრობოებსა და ოპოზიციას საერთო პოლიტიკური მიზნები აქვთ. ეს მიზნები კი, ორივე ძალისთვის, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე გადის. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ 12 სექტემბერს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების მორიგი აქტი შედგება. მმართველი გუნდი სტრატეგიულ პარტნიორებს მიდგომების შეცვლისკენ მოუწოდებს.

შეერთებული შტატების სენატში მოსმენა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ორ დღეში გაიმართება. ოფიციალურ პირებს ვაშინგტონიდან ინფორმაციას საქართველოს შესახებ ეკა გიგაური მიაწვდის.

დღის ამბები