17 სექტემბერი 2024,   22:09
ვრცლად
ჩემთვის, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ერთიც და მეორეც, არის სიმბოლო ქართველობის, სიამაყის, შრომის, სამშობლოს სიყვარულიდან გამოწვეული ენთუზიაზმის, პრინციპულობის - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გადაცემა "ღამის კურიერში " საარჩევნო სიაში წარდგენილი სპორტსმენების შესახებ წარმოებულ უარყოფით კამპანიას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილს არც პატრიოტიზმი აკლია და არც ინტელექტუალური რესურსი.

მისივე თქმით, საარჩევნო სია ახალი სახეებითა და პოლიტიკური საბჭოს წევრებით დააკომპლექტეს, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ძველი სახეები სიის პირველ ოცეულში ვერ მოხვდნენ.

"ჩემთვის, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ერთიც და მეორეც, არის სიმბოლო ქართველობის, სიამაყის, შრომის, სამშობლოს სიყვარულიდან გამოწვეული ენთუზიაზმის, პრინციპულობის. ეს თვისებები თუ იმისთვის არ არის საკმარისი, რომ ადამიანი საპარლამენტო სიაში იყოს, მაშინ ლოგიკა არაფერში ყოფილა. დარწმუნებულ ვარ, ყველა ობიექტური მოქალაქე ასე ფიქრობს.

პარლამენტში მხოლოდ კანონი არ იქმნება, - ვერ ჩაერთვებიან განხილვაში? ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნის ან ერთს, ან მეორეს, თუ რაშია საქმე? თუ პრინციპულობა არ ჰყოფნით, თუ სამშობლოს სიამაყე არ ჰყოფნით, რა არ ჰყოფნით რომელიმეს? რატომ არ უნდა იყვნენ ისინი, ან ვინ უნდა იყოს თუ არა ისინი,? უფრო მეტად ვისით გვიამაყია?

ჩვენი სამშობლოს სიმბოლო უფრო მეტად რამდენი ყოფილა? ეს ხალხი მათი მიმართულებით, აზრს ვერ გამოთქვამენ, პოლიტიკის შექმნაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, თუ სამშობლოს სიყვარულში შეეჯიბრება ვინმე? თუ ჟიული შარტავას შვილიშვილს შეეჯიბრება, მისი ოჯახიდან გამომდინარე, ვინმე სამშობლოს სიყვარულში. თუ ვაკო თურნავას, რომელმაც შექმნა ერთ-ერთი მსხვილი ჰაბი IT ტექნოლოგიების.

ჩვენ რაღაც პრინციპი უნდა აგვეღო, ოცეულში 50 ადამიანი არ ჩაეტეოდა - ახალი სახები და პოლიტიკური საბჭოს წევრები. ერთადერთი ეს იყო იმის მიზეზი, რომ მაგალითად, მაია ბითაძე აღარ იყო ოცეულში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები