14 ოქტომბერი 2024,   17:47
ვრცლად
ოპოზიციის ვიზიტები აშშ-ში - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები შტატებში კონკრეტული ძალებისგან პოლიტიკური დირექტივების მისაღებად გაემგზავრნენ

ოპოზიციის ვიზიტები აშშ-ში - ზურა გირჩი ჯაფარიძემ საქართველო გვიან ღამით დატოვა და "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. რა მიზნით და რა მოტივით - კოალიცია ცვლილებების ლიდერმა ამაზე ჟურნალისტებთან არ ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძე არ არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკაში კვირაზე მეტია უკვე იმყოფება გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი. 

გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ მათი თანაგუნდელი შეერთებულ შტატებში ლექციების წასაკითხად იმყოფება. კოალიცია ცვლილებებში კი განმარტავენ, რომ ვიზიტთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძე მედიას მოგვიანებით თავად მოუყვება. 

წინასაარჩევნოდ ოპონენტების საზღვარგარეთ გამგზავრება "ქართული ოცნებისთვის" ერთ რამეზე მიუთითებს - მმართველი გუნდი თვლის, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და შეერთებულ შტატებში ახალი დირექტივების მისაღებად ჩადიან.

ოპოზიციის გამგზავრებას პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ვიზიტებს, ქვეყნისთვის საზიანო მიზნებს უკავშირებს.

რა მიზნით გაემგზავრნენ არჩევნებამდე თვე ნახევრით ადრე პოლიტიკოსები შეერთებულ შტატებში, ჯერ უცნობია, განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები სავარაუდოდ, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ.

დღის ამბები