ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესება, მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, ორმხრივ ურთიერთობებში, უკან გადადგმული ნაბიჯია.
საკითხზე, "დღის კურიერში", პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, არ აისახება კარგად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე:
"ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ყოფილა განცხადება გაკეთებული, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში განვიხილოთ არსებული საკითხები და ურთიერთობების დასტაბილურებისაკენ გადავდგათ ნაბიჯი. ამ განცხადებების მიუხედავად, ვხედავთ, რომ ყოვლად დაუსაბუთებლად, ყველანაირი საფუძვლის გარეშე მიღებულია ხოლმე გადაწყვეტილებები, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ აისახება კარგად ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, განსაკუთრებით - წინასაარჩევნო პერიოდში.
როდესაც ისეთი ადამიანების დასანქცირებას ეხება საქმე, როგორებიც არიან, მაგალითად, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, ეს არ უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზებას და, პირიქით, უკან გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, როგორც ღირსეული ქვეყნის, ღირსეულ პრემიერ შეეფერებოდა, ჩვენი ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადადგა ნაბიჯი და ელჩ დანიგანს შეხვდა. მას ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ გააცნო. განცხადებაც ვნახეთ, რომ ასეთი ნაბიჯები არის წითელ ზღვართან მიახლოება და, ამ წითელი ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, შესაძლოა, გადაიხედოს კიდეც ურთიერთობები. ამაზე მეტ სიღრმეში არ წავალთ და არ გავაკეთებთ განცხადებას პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ღირსების ნაწილში გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ძალიან სამწუხაროა და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავსი უფრო მეტი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.