12 ოქტომბერი 2024,   01:08
ვრცლად
ნიკოლოზ გაბელია: აშშ-ის პოლიტიკის მარცხი საქართველოში გარდაუვალი იქნება, თუ კიდევ გააღრმავებენ ქართველ ხალხთან კონფლიქტს - მხოლოდ იმ ვერსიას აქვს ჩვენთვის არსებობის უფლება, რომ საქართველომ არ შეასრულა დავალება, არ დაიწყო მეორე ფრონტი და ამისთვის ისჯება

გარედან შემხედვარისა და ნეიტრალური ადამიანისთვის არანორმალურია ის, რასაც ამერიკა დღეს აკეთებს. კვირაში 2 განცხადება მაინც კეთდება უმაღლესი ტრიბუნებიდან ან მოსმენა იმართება სენატსა თუ კონგრესში, ანაც რომელიმე კონგრესმენი და სენატორი აკეთებს მწვავე განცხადებას ქვეყანაზე, რომელიც რუკაზეც კი ძნელი მოსაძებნია. თან მაშინ, როდესაც მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, - წერს სოციალურ ქსელში "საზოგადოება ქართულის" წევრი ნიკოლოზ გაბელია.

მისივე თქმით, ამ განსაკუთრებული ყურადღებას მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, რომ საქართველომ არ შეასრულა დავალება, არ დაიწყო მეორე ფრონტი და სწორედ ამისთვის ისჯება და ახლა ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოყვანილ იქნას ხალხი, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს და მეორე ფრონტსაც გახსნიან.

მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის პოლიტიკის მარცხი საქართველოში გარდაუვალი იქნება თუ კიდევ გააღრმავებენ ქართველ ხალხთან კონფლიქტს და გაუცხოებას.

"სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში იყო დრო, როცა აშშ ელჩის განცხადებაზე საქართველოში მინისტრები და პრემიერები იცვლებოდნენ.

აშშ-ს წინა ელჩმა, კელი დეგნანმა იმდენი მოახერხა, რომ მისი განცხადება მისივე რჩეულის, "ენჯეოშნიკ" ნინო ლომჯარიას სიტყვის წონის გახდა. ამიტომაცაა, რომ ამჟამად, განცხადებების გაკეთება უფრო მაღალ ინსტანციას, ამერიკის სახელმწიფო სამდივნოს და პირადად მდივან ენტონი ბლინკენს უწევს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოკრძალებულ როლს მსოფლიო პოლიტიკაში, ქვეყნის რანგს და ადგილს ადამიანური თუ სხვა რესურსებით, ამერიკელებისგან ასეთი გადაჭარბებული ყურადღება, არის გაუგებარი და უჩვეულო.

ენტონი ბლინკენის ბოლო, 16 სექტემბრის განცხადება საქართველოზე, არაა გამონაკლისი. მასში ყველაფერი ერთადაა, რითაც კელი დეგნანი გამოირჩეოდა: მედიდურობა, ქვეყნის საქმეებში უხეში და არა მეგობრული ჩარევა, ხელისუფლების უსამართლო კრიტიკა და ოპოზიციის ღია და გამომწვევი მხარდაჭერა.

საზოგადოება "ქართულმა" წინა კვირას აშშ კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართა რჩევით, რომ მოჰფრთხილებოდნენ "ამერიკულ ოცნებას", რომელიც არის სწორედ ამერიკის ძლევამოსილების მთავარი წყარო.

ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან ურთიერთობა ის ლაკმუსის ქაღალდია, რომელშიც აირეკლება ყველა ის მანკიერება, რაც ნეოლიბერალიზმით შეპყრობილ ამერიკულ მმართველს ძალებს დაემართათ: სხვისი ინტერესების იგნორირება, მსოფლიო ხალხებისთვის საკუთარი იდეოლოგიისა და ცხოვრების წესის თავსმოხვევა, დიდ საჭადრაკო დაფაზე სხვა სახელმწიფოებისა და ერების პაიკად შეწირვა, პატარა ქვეყნებისადმი მასწავლებლის ტონი და სრული მორჩილების მოთხოვნა.
გარედან შემხედვარისა და ნეიტრალური ადამიანისთვის არანორმალურია ის, რასაც ამერიკა დღეს აკეთებს. კვირაში 2 განცხადება მაინც კეთდება უმაღლესი ტრიბუნებიდან ან მოსმენა იმართება სენატსა თუ კონგრესში, ანაც რომელიმე კონგრესმენი და სენატორი აკეთებს მწვავე განცხადებას ქვეყანაზე, რომელიც რუკაზეც კი ძნელი მოსაძებნია. თან მაშინ, როდესაც მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა.

დემოკრატიიდან უკუსვლაზე განცხადებებით ვერ მოხდება ამ განსაკუთრებული ყურადღების გამართლება, რადგან თუ სააკაშვილის რეჟიმი იყო დემოკრატიის შუქურა (ჯორჯ ბუში უმცროსი), მაშინ დღევანდელ ხელისუფლებას ვერანაირად ვერ ექნება უკუსვლა დემოკრატიაში. ამიტომ, მხოლოდ იმ ვერსიას აქვს ჩვენთვის არსებობის უფლება, რომ საქართველომ არ შეასრულა დავალება, არ დაიწყო მეორე ფრონტი და სწორედ ამისთვის ისჯება. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოყვანილ იქნას ხალხი, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს და მეორე ფრონტსაც გახსნიან.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას მსგავსი ფაქტი არაერთი ახსოვს, თუნდაც, 2008 წლის აგვისტოს თავსმოხვეული ომი.

მერე რა რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში 3 დღეში ოკუპირებულები ვიქნებით, მერე რა რომ ნატოს ქოლგა არ გვიცავს, მერე რა რომ საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან და სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერანაირად ვერავინ ვერ მოგვეხმარება. მავანთათვის მთავარია, რომ ომი დაიწყოს, რუსეთის 30 ათასამდე ჯარისკაცი აქ დაკავდეს და დანარჩენი წყალსაც წაუღია, ესაა თქვენი ლოგიკა?!

გამოდის, რომ თქვენი ყველაზე დიდი პოლიტიკოსის, ჰენრი კისინჯერის სიტყვებს უნდა ვერწმუნოთ, რომ იყო ამერიკის მტერი სახიფათოა, მაგრამ იყო მეგობარი-ფატალური.
ამერიკის პოლიტიკის მარცხი საქართველოში გარდაუვალი იქნება თუ კიდევ გააღრმავებთ ქართველ ხალხთან კონფლიქტს და გაუცხოებას, რადგან თუ კელი დეგნანმა აშშ ელჩის სიტყვის წონა გაანულა, ენტონი ბლინკენი და სხვა მაღალჩინოსნები, ასეთი უსამართლო განცხადებებითა და ქმედებებით, აშშ ადმინისტრაციის განცხადების წონას უკარგავთ.
მთლად მასეც ნუ იზამთ, რომ სახელმწიფო მდივნის განცხადება "ჭიჭე" ვაშაძის და გუბაზ სანიკიძის ნათქვამის წონამდე დაიყვანოთ, თორემ, ჩვენ, როგორც დიდი ქარტეხილების გამოვლილი უძველესი ხალხი, ამასაც გავუძლებთ. საერთოდაც, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ამერიკა და დასავლეთი, არამედ მათაც ვჭირდებით და ეს გადამეტებული ყურადღებაც ამის დასტურია. პარტნიორობას კი, პერსპექტივა მაშინ აქვს, როცა იგი ორმხრივი მოძრაობაა და არა ცალმხრივი“, - წერს ნიკოლოზ გაბელია.

დღის ამბები