16 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
გაუქმებული მოსაწვევი და არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟებული სტუმარი - ჯო ბაიდენის სტუმრების სიიდან ირაკლი კობახიძის ამოშლას პოლიტიკურ სპექტრში გამოეხმაურნენ

არასერიოზული ნაბიჯი, რომელიც პარტნიორულ სტანდარტებში ვერ ჯდება - ასე აფასებს პრემიერისთვის პრეზიდენტ ბაიდენთან მიღებაზე გაუქმებულ მიწვევას პარლამენტის სპიკერი. საუბარია, გაერო-ს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ ყოველწლიურ ვახშამზე, რომელსაც, ტრადიციულად, აშშ-ის პირველი პირი მასპინძლობს.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი ქართული ოპოზიციის სისუსტეზეც მიუთითებს. პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ლობისტები, ამ ფორმით, ხელისუფლების ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო დახმარების გაწევას ცდილობენ.

გაერო-ს ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე გაუქმებული მიწვევის მოტივად, საქართველოში აშშ-ის საელჩომ, მთავრობის მხრიდან დემოკრატიის საწინააღმდეგო ქმედებები დაასახელა და გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ უარის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლეთის მიმართ, ნეგატიური რიტორიკა გახდა.

საელჩოს წერილობით განმარტებასა და ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არჩევნებამდე ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავსი შეტევები გაგრძელდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

საკუთარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის მიმართ განხორციელებულ ქმედებას ლოგიკურს უწოდებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა ძალამ ქვეყნის საგარეო ვექტორი შეცვალა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ადეკვატური რეაქციით პასუხობს.

ოპოზიციისა და ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილის მიდგომების დამთხვევა "ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ. დღეს, პოლიტიკოსებმა პარტნიორებს, საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების კონტრიბუცია და მსხვერპლიც შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობა მათ სახელმწიფოებრივ პოზიციებს უკავშირდება.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, გაეროს 79-ე, გენერალურ ასამბლეას ესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ასამბლეის მონაწილეებს დღეს მიმართავს.

დღის ამბები