28 სექტემბერი 2024,   14:13
ვრცლად
პრემიერ-მინისტრს და გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში - გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კერძო სექტორს დაუბრუნდება.

"პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე, ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის, მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა სამინისტროში შემოვიდეს და სისტემას წარუძღვეს არჩევნებამდე. ხოლო, მე როგორც აღვნიშნე, ვიქნები კერძო სექტორში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და მეგობრობისთვის, რასაც მისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღებდი. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის.

განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ერთად შევძელით და გავატარეთ ისეთი ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი რეფორმები როგორიცაა: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავება; უპრეცედენტო სახელფასო მატება პედაგოგებისთვის; მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაარსება; პროფესიული განათლების შეტანა სკოლებში; 100 სრულიად ახალი სკოლა ჩვენს მომავალ თაობას; კერძო საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში; გაორმაგებული სტიპენდია სტუდენტებისთვის; 27 ათასი სტუდენტისთვის დავალიანების განულება.

ზოგადად, პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო, გაუფრთხილდნენ მათ.

ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და მყარი განვითარება,"- განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

დღის ამბები