30 სექტემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია - კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე

სერგეი ლავროვის განცხადება პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა - რუსეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ "მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს." ეს განცხადება "ქართულმა ოცნებამ" პოზიტიურად შეაფასა.

სახელისუფლებო პარტიაში არგუმენტად იმას ასახელებენ, რომ შერიგებას ალტერნატივა არ აქვს, ელოდებიან, რომ განცხადების შემდეგ იქნება კონკრეტული ნაბიჯები, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გასაყვანად მუშაობის დაწყება.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებით, პოზიტიური განცხადებების პარალელურად, რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

"ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, პირველი - ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს შერიგება, ურთიერთპატიება. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ნდობა ერთმანეთის მიმართ.

განცხადებები კარგია, ჩვენ მივესალმეთ გუშინ, ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადებები, რომ ხელს შეუწყობს შერიგების პროცესს, თუმცა განცხადების პარალელურად, უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. მე გუშინაც ვისაუბრე ამაზე და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები