30 სექტემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ჩვენ ასე გვესახება ოკუპაციის პრობლემის მოგვარება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - სალომე სამადაშვილი

სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში პოლიტიკური შეფასებები კეთდება - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ოკუპაციის პრობლემის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროკავშირში გაწევრიანების გზით არის შესაძლებელი.

"ჩვენ ასე გვესახება ოკუპაციის პრობლემის მოგვარება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ თანამოქალაქეებს ექნებათ ყველანაირი მოტივაცია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ის ძალიან რთული პროცესი, რასაც ჰქვია მშვიდობიანი გზით ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე კი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები.

"რუსეთი და "ქართული ოცნება" ცდილობენ, რომ კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები. იმის ნაცვლად, რომ საქართველო იძენდეს მეგობრებს, ახალ ეტაპზე გადაჰყავდეს საკუთარი ურთიერთობა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან, მუშაობდეს ევროკავშირის წევრობაზე და მოლაპარაკების ფაზის გახსნაზე, ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ამის საპირისპიროდ ქვეყანას ტოვებენ იზოლაციაში, მეგობარს გვიცხადებენ მტრად, მტერს გვიცხადებენ ბატონად," - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს."

 

 

დღის ამბები