08 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
"რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტია, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს - ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია" - თეონა აქუბარდია

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველოს შესახებ მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი წარადგენს. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, რეზოლუციის კენჭისყრამდე, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება, ევროპარლამენტარები, ბორელთან ერთად, განიხილავენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესების საკითხს.

კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის რეზოლუციის შეთავაზების პროექტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხსა და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყოფილ პრეზიდენტს, 2022 წლიდან, ღირსების შემლახავად და სასტიკად ეპყრობიან. პარადოქსული და არასერიოზული - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება შეთავაზების პროექტში დაყენებული მოთხოვნებზე.

პარტია ”გახარია საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების რეზოლუციაში ჩაწერილი მოთხოვნა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

"მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის 4 პროექტია, ერთ-ერთი პროექტის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პარტიას "გახარია საქართველოსთვის" არასდროს არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლება რომ დამატებით რადიკალიზაციასა და საფრთხეებს გამოიწვევს, ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ამასთან დაკავშირებითაც, კვლავ ვიმეორებთ პოზიციას, რომ ხალხი არ უნდა დაისაჯოს მთავრობის ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ქმედებების გამო", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნებისმიერი რეზოლუცია მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს არჩევნები ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ არის.

"ნებისმიერი რეზოლუცია, (რა თქმა უნდა, მე ვიცნობ ამ რეზოლუციის ტექსტს) მიუთითებს ერთ რამეს, პირველი - საქართველოს არჩევნები არის ძალიან სერიოზული ყურადღების ქვეშ და უპრეცედენტო რაოდენობის სადამკვირვებლო მისიები ჩამოდიან. მეორე, ბიძინა ივანიშვილის დასაბრუნებელი გზა, დასალაგებლად ჩვენს პარტნიორებთან არ არსებობს, რადგან სანქციები გზაშია და ეს სანქციები მის წინააღმდეგ აუცილებლად იქნება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები