08 ოქტომბერი 2024,   18:10
ვრცლად
"2012 წლიდან ვარ ჩართული არჩევნებში, მე ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს, არ მახსოვს - ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად" - კახა კალაძე

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, დავიცვათ და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

ის ეხმაურება ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესებსა და ოპოზიციასთან შეხვედრებს.

"მათი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, გამოდიან, ამბობენ, რომ ხმა მოგვეცით, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ და საუბარი არის ტექნიკურ მთავრობაზე. მაშინ ვის აძლევ ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? ჩვეულებრივი აბსურდის თეატრია და მსახიობები არიან, რომლებსაც კონკრეტული როლები აქვთ მინიჭებული. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში გყავს ისეთი პოლიტიკური გუნდი, როგორიც არის "ქართული ოცნება", რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან მყარი, ძალიან მაგარი მხარდაჭერა აქვს. 2012 წლიდან ვარ ჩართული არჩევნებში, მე ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს, არ მახსოვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, დავიცვათ და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, წინ წავიდეთ,“ - აცხადებს კახა კალაძე.

 

დღის ამბები