11 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ევროპის არცერთი ქვეყანა არ დარჩა, რომელიც არ ვაჭრობს რუსეთთან, ლიეტუვამ და ლატვიამ ღვინის ექსპორტში გადაგვასწრო, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა პიკს აღწევს, ასეთი სტანდარტის მქონე რეზოლუცია გვაქვს - ირაკლი ზარქუა

რა შედეგები მოჰყვება საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას - ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩადებული მოთხოვნა თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სანქციებზე მიერთებით სამხედრო და პოლიტიკური საფრთხეების გარდა, დადგება ეკონომიკური კოლაფსის საფრთხეც. სახელდება ქართული ეკონომიკის მოსალოდნელი ზარალიც - სულ ცოტა 14 მილიარდი ლარი.

საქართველოს მიერ რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ევროპარლამენტი უკრაინაში მიმდინარე აგრესიის საპასუხოდ ითხოვს. დოკუმენტში წერია, რომ ამ ფორმით საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან თანხვედრაში მოვა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, არცერთი ევროპული ქვეყანა არ დარჩა, რომელიც რუსეთთან არ თანამშრომლობს, ამ ფონზე საქართველოსთვის მოთხოვნა, რომ მათ სანქციები დაუწესოს, უსამართლობაა.

ზარქუას თქმით, ამ სანქციების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამონგრევა იქნება, რათა შემდეგ ქვეყანაში რევოლუციური სცენარი უფრო ადვილად განვითარდეს.

"რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს. შეგახსენებთ, ევროპის არცერთი ქვეყანა არ დარჩა, რომელიც არ თანამშრომლობს და არ ვაჭრობს რუსეთთან. მეტს გეტყვით, ლიეტუვამ და ლატვიამ რუსეთის ფედერაციაში ღვინის ექსპორტში გადაგვასწრო, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა პიკს აღწევს. ასეთი სტანდარტის მქონე რეზოლუცია გვაქვს.

ჩვენ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, ჩვენი სანქცია რა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს ეკონომიკას ჩამოანგრევს. რა აქვთ გამიზნული - ჩამოინგრეს ეკონომიკა, შესაბამისად ინფლაცია გაიზარდოს, დაბალი სამუშაო ადგილები, მეტი უმუშევრობა იყოს და ჰგონიათ, რომ ამით რევოლუციურ სცენარს უფრო ადვილად განახორციელებენ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

დღის ამბები