17 ოქტომბერი 2024,   11:21
ვრცლად
პოლიტიკურ სპექტრში ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადებები შეაფასეს

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ნიადაგს ამზადებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ეუთო/ოდირის შუალედურმა დასკვნამ დაადასტურა, რომ საარჩევნო კამპანია ქვეყანაში უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ახლა ოპოზიცია, მოკავშირეებთან ერთად, ცდილობს, საინფორმაციო ხმაურითა და დეზინფორმაციით, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ეუთოს დასკვნის საპირისპირო სურათი წარმოაჩინონ.

მმართველი გუნდის ოპონენტები საპირისპიროს ამტკიცებენ.

"ეუთო/ოდირის დასკვნა, პირველ რიგში, ასახავს იმ სისტემურ, უსამართლო და არათანასწორ გარემოს, რომელიც არის წინასაარჩევნოდ საქართველოში. ცხადია, კიდევ ერთი მინიშნება გაკეთდა პოლარიზებულ სისტემაზე, რომელზეც მთავარი პასუხისმგებლობა აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის ზემოქმედება ამომრჩეველზე რაც, თავის მხრივ, არის უთანასწორო და არასამართლიანი გარემოს წინაპირობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას," - აცხადებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავა.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ოპოზიციას 2020 წლის მოვლენების განმეორება სურს.

"ჩვენ ვაკვირდებით ოპოზიციის ამ დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომლის მიზანიც არის არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ძირის გამოთხრა. მე შევახსენებ ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომ არის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც სწორედაც სპეციალური ინსტრუმენტია იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევების გადამოწმება მოხდეს, რათა, ფაქტების ნაცვლად, არ გავრცელდეს რაიმე ტიპის დეზინფორმაცია და ამ ორგანიზაციებმა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანონ," - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიის მე-17 ნომერი, ლევან მახაშვილი.

სადამკვირვებლო მისიამ შუალედური დასკვნა, 26-გვერდიანი ანგარიში, 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

 

დღის ამბები