არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე დაწყებულ გამოძიებაში პროკურატურასთან თანამშრომლობას ოპოზიცია გამორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, გაყალბებების ფაქტები თავად წარმოადგინოს და მოლოდინები, რომ პროცესი ობიექტურად ჩაივლის და რეალური შედეგი დადგება, არ აქვთ.
“მე, ზოგადად, მიმაჩნია, რომ პროკურატურის ნდობა ამ პროცესში ძალიან პირობითია. ვიცი, შიგნიდან პროკურატურაში რაც ხდება და ვიცი, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც ექნებოდა შესაძლებლობა, მართლა ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ეწარმოებინა. თუ პროკურატურა მე დამიძახებს და რაიმეს მკითხავს, მე პასუხს გავცემ, მაგრამ მე ვიტოვებ უფლებას ჩავთვალო, რომ პროკურატურა ჩემს გაცემულ პასუხებს და ჩემგან მიწოდებულ მტკიცებულებებს ისე მოარგებს თავის ინტერესს, როგორც სჭირდება, რადგან პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი,“ - აცხადებს “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გედევან ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურაში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია დღეს არის დაბარებული. პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. აქვს თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები ზურაბიშვილს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, უცნობია. მან დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ სხვადასხვა ტელევიზიიდან აღებული კადრები გაასაჯაროვა.