“ამ ანგარიშით არანაირი უკუსვლა არაა დაფიქსირებული და პირიქით - საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მიერ გარკვეული პროგრესია განხორციელებული,“ - ასე შეაფასა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიში, სადაც საქართველოზეც იყო საუბარი.
მისივე თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული, განსაკუთრებით, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით.
“თვალსაჩინოა, რომ საქართველო არის ძალიან ბევრი მიმართულებით წინ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მაგრამ ამასთანავე, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის კომპლექსური პროცესი და ამას სჭირდება მუდმივი დიალოგი ევროკავშირთან იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,“ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში ბრიუსელმა 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა და საქართველოს არჩევნების გამოძიებისკენ და 9 ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.