არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება, რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. უკვე გამოკითხულთა შორის არიან მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კუპრაძე, ნათია მეზვრიშვილი, ლონდა თოლორაია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არც ერთ გამოკითხულს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კონკრეტული სახელი და გვარი არ დაუსახელებია.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციას გაყალბების არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია, შესაბამისად, პროკურატურაში საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს წარადგენენ.
"არავითარი მტკიცებულებები არ ჰქონდათ და იმიტომ ვერ წარადგინეს. მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ, არა მხოლოდ პროკურატურაში, არამედ მედიაშიც წარადგენდნენ. მათ შორის, ამერიკამ, ევროკავშირმა მოუწოდა ზურაბიშვილსა და ოპოზიციას, რომ თუ მტკიცებულებები გაქვთ, უნდა მიიტანოთ პროკურატურაშიო. პროკურატურაში ვერაფერი მიიტანეს, იმიტომ, რომ რაც არ აქვთ რას მიიტანდნენ. ეს საკითხი ისეთივე საპნის ბუშტი იქნება, როგორც ნებისმიერი მათი საკითხი, ეს რიგგარეშე არჩევნებს ეხებოდა, გაყალბებას, პარლამენტში შესვლა-არ შესვლას, ქვეყანაში შავ ხვრელებს ეხებოდა, რაც, რა თქმა უნდა, არ დადასტურდა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.