არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ოფიციალურად ხელმოწერილია, მანდატების რაოდენობაც გარკვეულია, თუმცა ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. "ძლიერი საქართველო" იდეით გამოდის - გაკეთდეს ერთობლივი განაცხადი, რომელშიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთვება. ერთობლივი პოლიტიკური აქტის მიზანი კი ერთგვარი დაზღვევაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტების მიზანი მხოლოდ არეულობაა.
"კანონმდებლობაც არ იციან და ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს - ყოველ შემთხვევაში, ცდილობდნენ. ახლა ყველა მიხვდა, მათივე მომხრეებიც კი, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი ე.წ. სიების ჩახსნა მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიკრიბებოდა.
ამათი ტყუილები კიდევ უფრო გამრავლდება, როცა ვნახავთ, პირველივე სხდომის შემდგომ, 61 დეპუტატიდან რამდენი დაწერს უფლებამოსილების შეწყვეტაზე და რამდენი - არა. ამის მერე კიდევ უფრო გაფარჩაკდებიან," - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.