არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ოფიციალურად ხელმოწერილია, მანდატების რაოდენობაც გარკვეულია, თუმცა ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. "ძლიერი საქართველო" იდეით გამოდის - გაკეთდეს ერთობლივი განაცხადი, რომელშიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთვება.
ერთობლივი პოლიტიკური აქტის მიზანი კი ერთგვარი დაზღვევაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტების მიზანი მხოლოდ არეულობაა.
"ისინი ამ განცხადებას ერთად გააკეთებენ თუ ცალკე, ცალკე მოატყუებენ თუ კრებსითად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათ წააგეს არჩევნები და იმისათვის, რომ პროტესტის მუხტი შეინარჩუნონ, ყველა ფორმას იყენებენ, მათ შორის, გადიან იმავე წარუმატებლობის გზას, რომელიც 2020 წელს უკვე გაიარეს. მანდატებზე, სიებზე უარის თქმა და ჩახსნა, უკვე ნაჩვენები ფილმია მათი მხრიდან და ძალიან კარგად ვიცით როგორ სრულდება,"- აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი ნინო წილოსანი.