მმართველ გუნდში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ საღებავი შეასხა.
"რაც დღეს მოხდა ცესკოს სხდომაზე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორად და სამართლიანად ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ამ ფაშისტებს, რადიკალებს, ფსევდო-ლიბერალებს. ეს იყო იმის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ არ შეიძლება ამ უსამშობლოებს ანდო ქვეყანა. კარგია, რომ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა ამათი როლი, ამოცანა და ფუნქცია. მე მინდა მადლობა ვუთხრა ძალიან მაგარ კაცს, ღირსეულ პროფესიონალს და ღირსეულ ადამიანს გიორგი კალანდარიშვილს, გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის,"- აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა დაწყებიდან 3 წუთში, დაპირისპირების გამო შეწყდა, რისი მიზეზიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისთვის, გიორგი სიორიძისთვის მიკროფონის გათიშვა გახდა. სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ მიკროფონი რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის გამო გაუთიშა, რასაც კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.
ამის შემდეგ, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი სითხე შეასხა.
მოგვიანებით, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომა დაზიანებული თვალით გააგრძელა.