"საკმაოდ მძიმე დღეები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას გასული კვირის განმავლობაში, ჯერ იყო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, რამაც მათ მძიმე დარტყმა მიაყენა, რაც შემდეგ გამოჩნდა მათი კომენტარებიდან და ამას დაემატა ეუთო/ოდირის ანგარიში, რომელიც რეალურად ადასტურებს, რომ საქართველოში წარმატებით შედგა საპარლამენტო არჩევნები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც სრულად გააბათილა ეუთო/ოდირის ანგარიშმა.
"კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის, რაზეც ისაუბრა გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ხუთივე ეს ძირითადი ბრალდება სრულად გააბათილა ეუთო/ოდირის ანგარიშმა. პირველი ბრალდება ეხებოდა გაჟონვას და ეს არავითარ არსებით თემად არ იქნა დაფიქსირებული ეუთო/ოდირის ანგარიშში. რეალურად უბნების 76 პროცენტში საერთოდ ხმის ფარულობის კუთხით არავითარი პრობლემა არ დაუდგენია ეუთო/ოდირს. დანარჩენ შემთხვევაში დადგინდა მხოლოდ ცალკეული შემთხვევები.
პირველი ბრალდება მთლიანად გაბათილდა, რაც ეხებოდა ხმის ფარულობას. რაც შეეხებოდა ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას, ეს საკითხი საერთოდ არ მიიჩნია რელევანტურად ეუთო/ოდირმა. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მათი ყალბი ბრალდებები მთლიანად იქნა გაბათილებული. მესამე - კარუსელი, გახსოვთ ამასთან დაკავშირებით განცხადებები, ბრალდება იმაზე, თითქოს 300 ათასი ხმა იყო გაყალბებული ასეთი მეთოდებით, ასევე გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ზუსტად 17-ჯერ აძლევდა ერთი და იგივე ამომრჩეველი ხმას, ამასთან დაკავშირებითაც ბრალდება თავიდან ბოლომდე იქნა გაბათილებული. საერთოდ არ მიიჩნია ეს საკითხი რელევანტურად ეუთო/ოდირმა. ამაზე საერთოდ არ არის საუბარი ეუთო/ოდირის დასკვნაში.
რუსეთის ჩარევა, ესეც კიდევ ერთი ყალბი ბრალდება. არავითარი მინიშნებაც კი არ არის ამასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში. რაც შეეხება ძალადობას, ძალადობასთან დაკავშირებით საუბარია მხოლოდ იზოლირებულ შემთხვევებზე. შესაბამისად, ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული, რასაც აყენებდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.